ახალი ამბები

თელავის სასამართლოში 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმის წინასამართლო სხდომა გადაიდო

თელავის რაიონულ სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა გადაიდო.

მხარეებმა არსებითი განხილვისათვის მოსამზადებელი ეტაპის მხოლოდ ნაწილობრივ დაზუსტება შეძლეს და მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი, არასრულწლოვანი პირის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა. სასამართლო სხდომას, თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. შემდეგი სხდომა 12 დეკემბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, 14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლეს. 28 წლის მამაკაცმა, რამდენიმე თვით ადრე, აითაჯ შახმაროვა იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. წინააღდმეგობის და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ, ბრდებულმა გოგო მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით დაუმძიმა, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

საქმეზე ასევე გამოძიება 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. მომხდარ ფაქტზე, დაკავებულები არიან არასრულწლოვანი გოგონას დედა და ბიძა, ასევე ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი.