ახალი ამბები

იმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის გახანგრძლივებას ითხოვენ

ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტისთვის რამდენიმე თვით ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში რიგ შემთხვევაში, ავტომობილების ტრანსპორტირების დრო 6 თვემდეა გაზრდილი. შესაბამისად, 2013 წლამდე გამოშვებული იმ მანქანების განბაჟება, რომელთა ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია, შესაძლოა 1 იანვრამდე ვერ მოესწროს.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, დარგი მთავრობას განბაჟების ვადის გახანგრძლივებას მხოლოდ იმ ავტომობილებზე სთხოვს, რომელთა ტრანსპორტირებაც უკვე დაწყებულია.

„ავტოიმპორტიორებმა იციან, რომ ავტომობილის ყიდვიდან მის საბოლოო ტრანსპორტირებას დაახლოებით სამი თვე სჭირდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ვადა 4-6 თვემდეც იზრდება. გამოდის, რომ ამ აკრძალვის ფონზე, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები, რომელთა იმპორტიც 1 იანვრამდე ვერ მოესწრება, უკვე გადასაგდები იქნება, ანდაც იმპორტიორმა ძალიან დაბალ ფასად რეექსპორტზე უნდა გაიტანოს. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, რომ იმ ავტომობილების იმპორტისთვის, რომელთა ტრანსპორტირებაც უკვე დაწყებულია, თუმცა 1 იანვრამდე მათი ჩამოყვანა ვერ ესწრება, დამატებით რამდენიმეთვიანი ვადა გამოიყოს“,– განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

შეგახსენებთ, 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იზღუდება. მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიზნად ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადაჭრას ასახელებს.