კახელი მევენახეების ნაწილი, ჩაბარებული ყურძნის საფასურს მეორე თვეა ითხოვს
კახელი მევენახეების ნაწილი შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის საფასურს ორი თვეა ითხოვს.
მევენახეები წინანდლის ღვინის ქარხანასთან შეიკრიბნენ და ყურძნის მიმღები კომპანიისგან, დავალიანების თაობაზე პასუხი მოითხოვეს. კომპანია ,,ართეგს” დაახლოებით 400-მდე მევენაზეს ვალი აქვს.
მევენახეები ამბობენ, რომ მოსავალი საბანკო კრედიტით მოიყვანეს და ვალის გადაუხდელობის გამო, ბანკის მიერ ყოველდღიურად ჯარიმდებიან.
“ვალით მოვიყვანეთ მოსავალი და ბანკს ვეღარ ვისტუმრებთ. ყოველდღე 50- 100 ლარით გვაჯარიმებენ, ბანკი ამას გაპატიებს? ჯერ გვითხრეს, ღვინოს გავყიდითო, ახლა გვებნებიან ღვინომ იქნებ არც ივარგოსო. მთელი წლის მოსავალი ეს არის, ოჯახებსაც ამით ვარჩენთ. ბანკი მაინც გაგვიჩერონ, რაღაცით დაგვეხმარონ. არავინ გვეკონტაქტება საერთოდ”– ამბობენ მევენახეები.
კომპანია ,,ართეგს” წინანდლის ღვინის ქარხანა დაქირავებული ჰქონდა. კომპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე იძებნება და რეგისტრაციის მისამართად, თბილისში ნაკაშიძეების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი აქვს მითითებული.