ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი კატეგორიულად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას
ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.
“რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”.
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.