თელავში ერეკლე მეფის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება
7 ნოემბერს მეფე ერეკლეს 303 წელი შეუსრულდა. მეფის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე დილიდან მიმდინარეობს.
მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა აღავლინა სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში.
წირვას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მრევლთან ერთად დაესწრნენ.
მეფის სასახლის საელჩო დარბაზში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღება გაიმართა. ასევე გაიმართა სამეფო ოჯახის მიერ მეფე ერეკლე მეორეს სახელობის ორდენით დაჯილდოვების ცერემონიალი;
13:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სადღესასწაულო გამოფენები: თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ ორგანიზებული პავილიონები; ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა; ადგილობრივი კომპანიების, მცირე მეწარმეთა პროდუქტისა და ნაკეთობების პავილიონები; გერმანელ სტუმართა პავილიონი ბიბერახიდან; საბავშვო კუთხე და გასართობი ატრაქციონები; ტურისტული და საინფორმაციო პავილიონები პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟის“, „დინა თრეველისა“ და „ონკოლაინ-ჯორჯიას“ მონაწილეობით.
ასევე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ღონისძიებები თელავის ისტორიულ მუზეუმში. სასახლე მემორიალის საელჩო დარბაზში გაიმართება სოსო ბიჭიკაშვილის საავტორო წიგნის – ,, ერეკლე II „ პრეზენტაცია. ასევე, სასახლე მემორიალის საელჩო დარბაზში, ქართული ჭიდაობის საერთაშორისო აკადემია , ქართული ჭიდაობის საერთაშორისო დონეზე აყვანასთან დაკავშირებით ჩამოიტანს პრიზს ,,ოქროს საწმისი“, რომელიც დროებით გამოიფინება სასახლე -მემორიალის საგამოფენო სივრცეში. ამავე ღონისძიების ფარგლებში ბატონის ციხის ეზოში მოეწყობა ქართული ჭიდაობა.
თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნება იარაღის გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ფონდსაცავში დაცული იარაღი. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მხატვარ – დიზაინერის ნინო მრელაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით,” ისტორიული ფეხსაცმლის მოდელები გასული საუკუნიდან”. კოლექცია არის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდიბის სამინისტროს კონკურსის “მუსიკალური ინსტრუმენტების,ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსასუარები) ოსტატთა ხელშეწყობა”-ის გამარჯვებული პროექტი. კოლექცია მოიცავს ისტორიული ფეხსაცმლისა და ხელთათმანის იდენტურ მოდელებს.