კლინიკებს მათი საქმიანობის შედეგების გასაჯაროების ვალდებულება დაეკისრათ
ინფრასტრუქტურის, სამედიცინო აღჭურვილობის და მედპერსონალის რაოდენობასთან ერთად, კლინიკებისთვის სამედიცინო ხარისხის შეფასების, ანალიზისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტებიც ძალაში შევიდა.
აღნიშნულს სტაციონარული დაწესებულებების ახალი სანებართვო პირობები ითვალისწინებს.
კერძოდ, რეგულაციები ავალდებულებს დაწესებულებას ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამის ქონას, რომელიც მოიცავს შესაბამისი გამოსავლების იდენტიფიცირებასა და გაზომვას, მონაცემთა შეგროვებასა და გამოსავლების მონიტორინგს, სიკვდილიანობისა და ავადობის მონიტორინგსა და გარჩევებს, წარუმატებელი შემთხვევების გარჩევას. უნდა არსებობდეს წინასწარ გაწერილი გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე, 3 თვეში ერთხელ განხორციელდება ჩატარებული ოპერაციების შესახებ ერთიანი ანალიზის მომზადება და განხილვა ექიმებისა და ექთნების ჩართულობით; დაწესებულება ექიმებისა და ექთნების ჩართულობით, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ უნდა უზრუნველყოფდეს ჩატარებული ოპერაციების (კლინიკის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ჯგუფის მიერ) რანდომულად შერჩეული შემთხვევების განხილვას.
დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი მონაცემების დოკუმენტურ აღრიცხვას:
საწოლზე დაყოვნების მაჩვენებელი;
ყველა მიზეზით გამოწვეული რეჰოსპიტალიზაცია;
ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექციები;
რეფერალის შემთხვევების საერთო რაოდენობა და მათი ანალიზი.
აღნიშნული პირობები ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შევიდა.
იმის შესახებ, რომ საქართველოში კლინიკების მიერ მიღწეული შედეგების შესახებ საჯარო ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვა აუცილებელია, „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაშიცაა“ აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებების წილი, რომლებიც რეგულარულად აქვეყნებენ ყოველწლიურ ანგარიშს და შესრულებული სამუშაოს შედეგებს, 2030 წლისთვის 100%-მდე უნდა გაიზარდოს. სტრატეგიის თანახმად, 2024 წლისთვის ეს მონაცემი 50%-მდე უნდა იყოს გაზრდილი, 2030 წლისთვის კი პროცესმა ყველა დაწესებულება უნდა მოიცვას.
ერთ-ერთი დაწესებულება, რომელიც ამ შინაარსის მონაცემები გაასაჯაროვა, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალია“.
კლინიკის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 2022 წლის აგვისტოდან დღემდე, მოზრდილთა გულის ქირურგიაში ყველა ოპერაცია წარმატებით შესრულდა.
14 თვის განმავლობაში 144 პაციენტს ჩაუტარდა ყველა სირთულის და სიმძიმის ოპერაცია. არ დამდგარა არც ერთი ლეტალური შედეგი.
ბოლო ექვსი წელია, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პირველადი მწვავე დისექცით პაციენტი არ გარდაცვლილა.
ნულს უტოლდება ისეთი გართულებების სიხშირე, როგორიცაა პოსტოპერაციული ინფარქტები, არასრული რევასკულარიზაცია, პოსტოპერაციული სისხლდენები, განმეორებითი ჩარევები, პოსტოპერაციული ჭრილობების გართულებები.