პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მოქალაქეობის მიღება მარტივდება
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეობის მიღება მარტივდება.
კანონპროექტს კენჭი დღეს, 1 ნოემბერს, უყარეს პლენარულ სხდომაზე.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონპროექტს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრობენ 5 ან მეტი წლის განმავლობაში, შეეძლებათ სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეობა მიიღო. აქამდე კანონის მოთხოვნა იყო ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრება 10 ან მეტი წლის განმავლობაში.
“დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო”, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.
კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტის ავტორი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პარლამენტს კი მთავრობამ წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტრო განმარტებით ბარათში აღნიშნავდა, რომ მოქალაქეობის მინიჭებისთვის დადგენილი 5-წლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე 2018 წელს გაიზარდა, რამაც “გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოქალაქეობის არმქონე პირებზე”. უწყება განმარტავდა, რომ “მოქალაქეობის არმქონე” სტატუსის დადგენა დაიწყო 2012 წლიდან, როცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ 10-წლიან ცენზს, “უწევდათ ლოდინი საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოსაპოვებლად”