ტრანსპორტისთვის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო გახდა
ქვეყნის შიდა გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო გახდა.
საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა, „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც 2025 წლის 1 ივნისიდან M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს შეეხება.
რეგლამენტის მიხედვით, ინსპექტირების ორგანოს მოუწევს ტრანსპორტში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება იმგვარად, რომ გარკვეული კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს.
ეს ზღვარი M2 და M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 100 კილომეტრს საათში, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში კი 90 კილომეტრს საათში.
რეგლამენტის მიხედვით, სიჩქარის შემზღუდავმა მოწყობილობამ უნდა უზრუნველყოს სიჩქარის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის ამოქმედების გარეშე. აღნიშნული მოწყობილობის მონტაჟს, შეკეთებას და შემოწმებას დამოუკიდებელი აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს სახელოსნო უზრუნველყოფს, ასეთი სახელოსნოების ნუსხას კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ამტკიცებს.
M2, M3, N2 ან N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის პერიოდული ინსპექტირება ორ წელიწადში ერთხელ მოუწევთ.
რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და აკრედიტაციის ცენტრი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ.
აღნიშნული ცვლილებების მიღებას საქართველოს ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს.