ბავშვები პატარძლად – ადრეული ქორწინება
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა რასაც როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული ფიზიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური შედეგები მოჰყვება. ეს ყველაფერი კი, საზოგადოებაში მათ სრულ და თანასწორ მონაწილეობას უშლის ხელს.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე აღნიშნავს, რომ საკითხთან მიმართებაში მთელი რიგი კომპლექსური მიდგომებია საჭირო.
,,ამ თვეში აღინიშნება გოგონათა საერთაშორისო დღე, რაც მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გოგონების, ბაშვების მიმართ გარკვეულ შემთხვევებში ეს ეხება ხოლმე ადრეულ ქორწინებას, რაც ძალიან უხეში დარღვევაა უფლებების. როდესაც გოგონებს აიძულებენ გათხოვებას ადრეულ ასაკში, ეს ნიშნავს, რომ დარღვეული იქნება მისი ჯანდაცვის, განათლების, გადაწყვეტილების მიღების უფლებები. ხშირად ეს გოგოები ხდებიან ძალადობის მსხვერპლები ოჯახის წევრების მხრიდან. ისინი ვერ იცავენ საკუთარ თავს და ვერც ინტერესებს. რჩებიან განათლების მიღმა, ტოვებენ სკოლას და ერთმევათ უფლება რომ მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დამოუკიდებლები გახდნენ, საკუთარი თავის რწმენა მოიპოვონ და თავად იზრუნონ საკუთარ ცხოვრებაზე. ამ გადაწყვეტილებებს გოგოების გარდა ყველა იღებს“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ფუნქციონირებდეს შეტყობინების მექანიზმი, სადაც დარეკავს ძალადობის მსხვერპლი და მიიღებს კვალიფიციურ რჩევებს.
,,ბავშვი, გოგონა, როდესაც თვლის რომ მისი უფლებები ირღვევა და არის პრობლემების წინაშე, მათ უნდა ქონდეს წვდომა ისეთ მექანიზმზე, სადაც დარეკავენ და ითხოვენ დახმარებას. ასეთი მექანიზმები ქვეყანაში უნდა არსებობდეს. მაგალითისთვის, არსებობს ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი. ამ შემთხვევაშიც ძალზე მნიშვნელოვანია რჩევების მიღება ან გადამისამართება შესაბამის სამსახურებთან”.
მაია ქურციკიძისვე განცხადებით, უნდა შეიცვალოს ისეთი სოციალური ნორმები და მიდგომები, რომელიც უშვებს ბავშვთა ქორწინებას და სექსუალურ ძალადობას ქალებისა და გოგონების მიმართ და აფერხებს შესაბამის პასუხისმგებელ პირებსა თუ უწყებებს ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებაში.
,,მნიშვნელოვანია მოზარდი გოგონებისთვის განათლების, ინფორმაციასა და ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს მათ აძლევს საშუალებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მომავალში და იცავს მათი სხეულის ავტონომიის უფლებას და არჩევანის თავისუფლებას. მოზარდი გოგონების გაძლიერება ბავშვთა ქორწინების მავნე პრაქტიკის შეწყვეტისკენ და ყველასთვის სამართლიანი და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ინფორმაციის ქონა, ნებისმიერ სფეროში მხოლოდ აძლიერებს, ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ბავშვები იმით, რომ მივცეთ მათ განათლება, ინფორმაცია, არჩევანის თავისუფლება და საკუთარ ცხოვრებაზე გადაყწყვეტილების მიღების შესაძლებლობა”.
მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვენლოვანი მოსახლეობის ინფორმირებაა თუ რა არის ძალადობა. საჭიროა მათთან აქტიური მუშაობა .
,,აუციელებლია მოსახლეობასთან მუშაობა. მაგალითად, ძალადობრივი მეთოდების გამოყენების დროს, ბავშვის აღზრდისას, ჰგონიათ, რომ ეს არის კარგი ბავშვისთვის. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება შეთანხმებული არ არის რა არის ძალადობა. მაშინ დავამარცხებთ იმ სოციალურ ნორმებს და გავწყვეტთ ძალადობის ჯაჭვს, როდესაც საზოგადოება იტყვის, რომ ძალადობა ცუდია, და დაიწყებს პოზიტიური ნორმებით მის ჩანაცვლებას”.