გეოგრაფიული აღნიშვნა „მანავი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული
გეოგრაფიული აღნიშვნა „მანავი“ „საქპატენტში“ 2006 წლის 21 აგვისტოს არის რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
„საქპატენტის“ ინფორმაციით, ღვინო „მანავი“ ხალხში ცნობილია, როგორც „მანავის მწვანე”. ეს სახელწოდება უძველესი დროიდან შემორჩა, მას შემდეგ, რაც არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი წინაპრები თეთრ და წითელ ღვინოებს ფერის გასაუმჯობესებლად უმატებდნენ ყურძნის სხვადასხვა ჯიშებს. წითელი ღვინისთვის იყენებდნენ „საფერავს“, ხოლო თეთრი ღვინისთვის კი – „მწვანეს“.
იგივე სახელის, „მწვანის“ წარმომავლობას ვპოულობთ ლევან ფრუიძის სამტომეულში „საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია“. ავტორის აზრით, კახეთში განთქმული იყო სოფელ მანავის „მწვანე კახურის“ ე.წ სადედოფლო და საბერო ზვრები. მანავის მიმდებარედ გაშენებული ზვრების დიდ ნაწილს „ბაგრატიონის ზვრებს“ უწოდებდნენ და აქედან დაყენებული ღვინო სამეფო კარზეც კი მოიხმარებოდა.
კონკრეტულად ღვინოს „მანავი“ ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილის 1745 წლის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი“.
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „მანავი“ თეთრი მშრალი ღვინოა. აქვს ღია ჩალისფერი მომწვანო ელფერი. უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემო, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატითა და მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით.
ღვინო „მანავის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. ღვინო „მანავი“ მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან, ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 19%.
მიუხედავად იმისა, რომ მანავურ ღვინოს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ზემოთ მოთხრობილი ფაქტები მინიმუმ 3 საუკუნეს ითვლის, უშუალოდ ღვინო „მანავი“, როგორი სახითაც დღევანდელ ბაზარზე ვხვდებით, საბჭოთა პერიოდში გააქტიურებული ღვინის ქარხნების მუშაობის შედეგად მიღებული ღვინის სახეობაა. ამიტომ, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „მანავი“ სპეციფიკაცია აზუსტებს, რომ ღვინო „მანავი“ შექმნილია „სამტრესტის“ წამყვანი სპეციალისტების მიერ და გამოდის 1938 წლიდან.
ღვინის წარმოების მიკროზონა მოიცავს საგარეჯოს რაიონის შემდეგ სოფლებს: თოხლიაური, მანავი, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი და ვერხვიანი. ყველა ეს სოფელი გაშლილია ივრის ზეგანზე და სწორედ მისი გეოგრაფიული მდებარეობა და რეგიონისათვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, შავმიწისებრი კარბონატული ნიადაგები და მწვანე კახური ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავს ამ ღვინის განსაკუთრებულ ღირსებას.
შესაბამისად, ღვინო „მანავი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან. რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებასა და ღვინის დამზადებას, დასაშვებია მხოლოდ კახეთის ზონის ფარგლებში, ბოთლებში ჩამოსხმა კი შესაძლებელია მოხდეს კახეთის ფარგლებს გარეთ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#