ყვავის საყდარი სოფელ ვაჩნაძიანში
ყვავის საყდარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარეობს.
ეკლესია მდებარეობს სოფლიდან 500 მეტრის დაშორებით ადგილ ,,ულენჯიანში”. ძეგლი მოზრდილი სამეკლესიანი ბაზილიკაა, რომელიც განეკუთვნება მე-8, მე-9 საუკუნეებს. მთავარი ეკლესია კი აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით არის დასრულებული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი:
,,ბაზილიკა დაზიანებულ მდგომარეობაშია: ჩამოშლილია მთავარი ეკლესიის კამარა და კონქი, კედლების ზედა ნაწილები; ბაზილიკის ჩრდილოეთი მინაშენი ძლიერ დაზიანებულია, კამარა სანახევროდ ჩამოშლილია, კედლები დაბზარული; რაც შეეხება სამხრეთ მინაშენს იგი ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიას ,,ყვავის” საყდარს უწოდებს, თუმცა იგი წმინდა გიორგის სახელობის აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს კრამიტზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერები.
ეკლესიის გარშემო რამდენიმე ტიპის სამარხი ღმოჩნდა: ესენია ქვის სამარხები (ქვაყუთები), ორმოსამარხები, კრამიტსამარხები და შედგენილი ტიპის სამარხები. სამარხები ქრისტიანულია უინვენტარო. რამდენიმე სამარხი ჯერ კიდევ არ არის გახსნილი არქეოლოგების მიერ. ბაზილიკას გარშემო გარშემოსავლელი ჰქონია, რომელიც გვერდით ეკლესიებს მთავარ ეკლესიასთან აკავშირებდა.
არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც განხორციელდება კერძო შემოწირულობით”.
ყვავის საყდარი
ფოტო: Zviad Turmanidze