“ყველა ახალი სახელმწიფო სერვისი უნდა არსებობდეს ციფრული ფორმით” – მთავრობის 2025-2030 წლების სტრატეგია
ყველა ახალი სახელმწიფო სერვისი (ცალკეული გამონაკლისების გათვალისწინებით) უნდა არსებობდეს ციფრული ფორმით – ამის შესახებ „საქართველოს ციფრული მმართველობის 2025 – 2030 წლების სტრატეგიაში წერია, რომელიც “ოცნების” მთავრობამ დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
“სერვისების გაციფრულებისა და არსებული ციფრული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებები უნდა ხელმძღვანელობდნენ ამ სფეროში უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებული ისეთი პრინციპით, როგორიცაა „მეტწილად ციფრული”, რაც გულისხმობს, რომ ყველა ახალი სახელმწიფო სერვისი (ცალკეული გამონაკლისების გათვალისწინებით) უნდა არსებობდეს ციფრული ფორმით. მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში მისი მიწოდების საკითხი, შესაძლოა, განიხილებოდეს სერვისის მიმართ არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით. ვინაიდან ბოლო წლების თვალსაჩინო ტენდენციაა მობილური მოწყობილობების გამოყენების ზრდის სწრაფი ტემპი, მნიშვნელოვანია, მმართველობის პროცესში გათვალისწინებულ იქნეს ციფრულ სერვისებზე წვდომა უპირატესად მობილური მოწყობილობების მეშვეობით. აღნიშნული ხელს შეუწყობს სახელმწიფო სერვისების მიწოდების ალტერნატიული არხების განვითარებას, რათა სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ფართო ფენებისთვის”, – წერია სტრატეგიის დოკუმენტში.
გარდა ამისა, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პრიორიტეტს კვლავინდებურად ანიჭებს საჯარო უწყებებთან ფიზიკურ კომუნიკაციას, ამიტომაც საჭიროა ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა.
“ბოლო წლებში საქართველოში ციფრული მმართველობის სფეროში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ელექტრონული მომსახურებების მოხმარების მაჩვენებელი და ცნობადობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საჯარო სექტორის მიერ მოსახლეობის მიმართ შეთავაზებული ციფრული სერვისების მრავალფეროვნებას და იმ პოტენციური სარგებლიანობის მოცულობას, რომელიც ქვეყნის საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს არსებული საჯარო პროდუქტების სრულფასოვანი გამოყენების შემთხვევაში. აღნიშნული ვითარება, უპირველეს ყოვლისა, პირდაპირ უკავშირდება ფართო საზოგადოებაში საჯარო მექანიზმების და ციფრული სერვისების მიმართებაში ინფორმაციის დეფიციტს, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მცირე მასშტაბსა და განგრძობადობის ნაკლებობას, და, მეორე მხრივ, – თავად სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებ დაინტერესებას ტექნოლოგიურ ნოვაციებსა და მმართველობით პროცესებში ჩართულობის ალტერნატიული მეთოდების მიმართ. აღნიშნული საყურადღებოა განსაკუთრებით იმ გარემოების ფონზე, რომ საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი აქტიურად იყენებს ინტერნეტს და ონლაინ სივრცის საინფორმაციო და საკომუნიკაციო პოტენციალს, მაგრამ ამ გამოყენებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება სახელმწიფო სერვისების ციფრული გამოყენების მაჩვენებლები და მასშტაბები”, – აღნიშნულია დოკუმენტში და პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ციფრული სერვისების განვითარების პარალელურად, დასახელებულია საზოგადოებაში ციფრული სერვისების გამოყენების სიკეთეებზე ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი კამპანიის წარმოებაა ციფრული სერვისების ერთიანი პორტალის − My.gov.ge-ის გამოყენების უპირატესობების შესახებ.
აღსანიშნია, რომ საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად დაგეგმილია: პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის მისაწვდომობის უზრუნველყოფა უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე პირებისთვის, ერთიანი ელექტრონული სანოტარო რეესტრის ახალი სისტემის შექმნა, უძრავი ქონების რეგისტრაციის ელ. სისტემის განვითარება, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან განახლებული ამონაწერის გაცემის ავტომატიზაცია, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (napr.gov.ge) განახლება, ციფრული მმართველობის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების კვლევა, ციფრული მმართველობის კუთხით სასწავლო კურსის შექმნა და განთავსება დისტანციურ სატრენინგო პლატფორმაზე − www.elearning.gov.ge, სახელმწიფო სერვისების გაციფრულება, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ელექტრონული სისტემის განახლება, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ახალი სისტემის შექმნა და სხვა.
2025-2026 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების ბიუჯეტი შეადგენს 3 670 169 ლარს.