ყურძნის მოყვანა ცვალებად კლიმატურ პირობებში- თელავის უნივერსიტეტი შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის მონაწილეა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ProGriCC – „ყურძნის მოყვანა ცვალებად კლიმატურ პირობებში“ ფარგლებში, მეცნიერებისა და ღვინის მწარმოებლების შეხვედრა გაიხსნა.
პროექტით გათვალისწინებული „ზამთრის სკოლა“ უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გახსნა და რეგიონისათვის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროფესორები, დოქტორანტები და ღვინის წარმოების სპეციალისტები შვედეთიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან, მსოფლიო კლიმატის ცვალებადობასა და ყურძნის მოყვანა-ღვინის წარმოებაზე მისი გავლენის შესახებ, რამდენიმე დღის განმავლობაში იმსჯელებენ.
პროექტის კოორდინატორის, შვედეთის სამეფოს, უფსალას უნივერსიტეტის პროფესორის, ერიკ ბონგქამ რუდოლფის განმარტებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება, ყველა მხარეში უნდა მოხდეს.
“პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და ემსახურება, როგორ მოხდეს ვაზის მოყვანის ადაპტირება კლიმატურ ცვლილებებთან. გარდა ამისა, უნდა შევისწავლოთ მცენარის გენეტიკა, ფენომენი და გენები. ასევე, შესასწავლია ნიადაგის სტრუქტურა. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ღვინის მოყვანაში”,- განაცხადა ერიკ ბონგქამ რუდოლფმა.
შეხვედრები შვედეთის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტი ProGriCC თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლიდან ხორციელდება.