იანვრიდან პოლიციელებს, ჯარისკაცებს და საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ
პარლამენტში მთავრობის მიერ, ფინანსთა სამინისტროს ავტორობით 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაინიცირდა.
პროექტის პირვანდელი ვარიანტით, იანვრიდან პოლიციელებსა და ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ, ასევე 10%-ით ეზრდება ანაზღაურება ყველა საჯარო მოხელეს.
“თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც მოხდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ამასთან, თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330 მლნ ლარი,”- აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
რაც შეეხება საჯარო მოხელეთა ანაზღაურებას, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში ვკითხულობთ, 2024 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეთა ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება 10%-ით.