1 ჰექტარ ვენახზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადის დამონტაჟება 12-14 ათასი ლარი ჯდება – “აგრობადე”
“ძალიან ბევრ ფერმერს აქვს სურვილი, მაგრამ ფინანსების გამო ვერ ახერხებენ, რომ შეიძინონ ბადეები, მაგალითად ერთ ჰექტარ ვენახზე ბადის დასამონტაჟებლად 12-14 000 ლარამდეა საჭირო, ხეხილის ბაღებზე კი ფასი უფრო მაღალია, რადგან აქ უფრო დიდი ბოძებია საჭირო, ხოლო ღირებულება 50-60 000 ლარამდე ადის”, – ამის შესახებ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი კომპანიის “აგრობადეს” დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მათი საწარმო დღიურად 10 ათას კვადრატულ მეტრ ბადეს აწარმოებს, თუმცა ამ რაოდენობას გაზრდიდნენ იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნაც გაიზრდებოდა, მოთხოვნის ზრდა კი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რომ სახელმწიფომ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების შესაძენად ფერმერებს თანადაფინანსება გაუზარდოს.
“ჩვენთან ერთი კვადრატული მეტრი ბადის ფასი ერთი ლარია, თუმცა მთლიანობაში ამ სისტემის მოწყობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ეს ხომ მხოლოდ ბადე არაა, მას დასამონტაჟებელი მასალაც ემატება – ბოძები, სამაგრები, მავთული და ა.შ. ფერმერები სახელმწიფოს მიმართავენ თხოვნით, რომ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე დაფინანსება გაიზარდოს და თუ ახლა 10%-ია, სამომავლოდ 40-50% გახდეს, თუმცა ჯერჯერობით ეს თხოვნა არ დაკმაყოფილებულა. თუ სახელმწიფო დაფინანსებას გაზრდის, მაშინ შევძლებთ, რომ უფრო დიდი რაოდენობა ვაწარმოოთ და თუ ახლა 35 ადამიანი გვყავს დასაქმებული, მერე უკვე 70 დავასაქმებთ”, – აცხადებს ავთანდილ მაისურაძე.
კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება იმასაც, რომ მათ მიერ წარმოებული ბადეები არამხოლოდ სეტყვისგან, არამედ 17%-ით მზისგანაც იცავს, ასევე მწერებისა და ჩიტებისგან. ამ პროდუქტის წარმოებაც სწორედ მისი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, ამას ისიც ემატებოდა, რომ აქამდე საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ იქმნებოდა და ფერმერებს იმპორტირებული ბადეების შეძენა უწევდათ, რაც ბევრად ძვირი ჯდება.
“ძირითადად თურქეთიდან და იტალიიდან შემოდიოდა და ექსპორტირებული პროდუქციის დამონტაჟება ფერმერებს საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც გვეცადა და თურქ პარტნიორებთან ერთად ქარხანა შევქმენით”, – ამბობს “აგრობადეს” დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ “აგრობადეს” საწარმო ორ მაისს ამოქმედდა, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ 800 ათასი კვადრატული მეტრი სეტყვის საწინააღმდეგო ბადე აწარმოა და მისი რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე მოახდინა, ძირითადად კახეთში, შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში, იქ, სადაც კენკროვანი კულტურები აქვთ გაშენებული.
რაც შეეხება ინვესტიციებს – “აგრობადეს” საწარმოს ასამოქმედებლად 0.5 მილიონ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდა, ქარხანაში არსებული მნიშვნელოვანი დანადგარების შეძენაში კი კომპანიას USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა დაეხმარა.