როგორ ხდება ახალი ტექნოლოგიით ხმის მიცემა და რა პროცედურები უნდა გაიარონ ამომრჩევლებმა
ელექტრონული საშუალებებით კენჭისყრის ჩატარების, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის), ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები და წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი”), თუ ამ დანართით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ამომრჩეველთა სიების ჩატვირთვას უზრუნველყოფს ცესკო.
საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს და აღნიშნულ სიებში შეყვანილი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის ცესკოს.
გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისია იღებს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-8 დღისა.
კენჭისყრის დღის პროცედურები:
ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით:
ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის ელექტრონულ პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან/მაგიდებთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს ნებისმიერ იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის ნებისმიერ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის ელექტრონულ პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი საქართველოს მოქალაქის ელექტრონულ პირადობის მოწმობას გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში (საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის წაკითხვადი ზონა). ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩევლის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებს ადარებს აღნიშნულ აპარატში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს და მონაცემების შესაბამისობის შემთხვევაში, აპარატს ეკრანზე გამოაქვს ამ ამომრჩევლის მონაცემები. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი განახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ამომრჩეველი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და სპეციალურ ჩარჩო კონვერტს. მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა. ამომრჩეველი ვერიფიკაციის გავლას ადასტურებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარზე ხელმოწერით;
გ) ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე, დალუქულ ყუთში, რომლის ჭრილი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება და საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეცემა. თუ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დროს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან არ ამოიბეჭდება ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარი ან ამოიბეჭდება ტექნიკური წუნის მქონე ქვითარი, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს შესაბამისი ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლს. ხოლო, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრის ნაცვლად ამომრჩეველი ხელს მოაწერს შესაბამის აქტს, რომლის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნულ აქტს, ამომრჩევლის ხელმოწერის შემდეგ, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი მოათავსებს ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებისთვის განკუთვნილ ყუთში;
დ) საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს და გააფერადებინებს მას ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ წრეს;
ე) საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და სპეციალური მარკერის გამოყენებით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს;
ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების შემდეგ ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში;
ზ) სპეციალური ჩარჩო-კონვერტში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი მიდის ძირითად საარჩევნო ყუთთან და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი;
თ) მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი აპარატის საშუალებით აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი დებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს. თუ ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, იგი ჩაითვლება გაფუჭებულად. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია”, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა ვერიფიციკაციის აპარატში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.