ახალი ამბები

საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ხოლო გურჯაანში მერს ირჩევენ.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 1-ელი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები.

არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ერთად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის მხრივ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიანი და აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია აწარმოა, რომელიც მთლიანად ეძღვნება კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხს.

ცესკოს სპიკერის განცხადებით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანია გახსნილი.

„ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს ირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანია გახსნილი.

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ტარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო.

დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში.

რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 184 300-ია“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია – 16 საერთაშორისო დამკვირვებელი, 426 ადგილობრივი დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს მედიაორგანიზაციების 158 წარმომადგენელი. არჩევნებს ასევე აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი.