კახეთში უძრავ ქონებაზე ფასები გაზრდილია
ბოლო წლებია კახეთის რეგიონში უძრავ ქონებაზე ფასები საგრძნობლად იზრდება. ექსპერტების თქმით, აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და უკრაინის და რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაა, რომლებმაც აქ უძრავი ქონების ყიდვა დაიწყეს.
კახეთის რეგიონში უძრავი ქონების ფასი უფრო მეტად ტურისტულად აქტიურ მუნიციპალიტეტებში გაიზარდა. მაგალითისთვის, ქალაქ თელავში, 2 სართულიან სახლს, ევრორემონტით, 100 000 დოლარზე ნაკლებად ვერ იყიდით.
თელავში მოქმედი ერთ-ერთი სამაკლერო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებების თანახმად, გასულ წლებთან შედარებით საცხოვრებელი ქონების ფასი საგრძნობლად არის მომატებული. მაგალითად, ქალაქ თელავში, საცხოვრებელი სახლი, ევრორემონტით, მოწესრიგებული ეზოთი და ნორმალური პირობებით 490 000 დოლარად იყიდება. ფასები გაზრდილია ასევე სოფლებში არსებულ უძრავ ქონებაზეც.
ადგილობრივების განმარტებით, ფასების ზრდა ბინებზე მიმდინარე ეკონომიკურმა ტენდენციებმა, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეების მიგრაციამ და რეგიონებში მათ მიერ უძრავი ქონების შეძენაზე მაღალმა მოთხოვნამ გამოიწვია.
,,ბინები სულ ყოველთვის ძვირი იყო, მაგრამ, მაგალითად თელავში, რამდენიმე წლის წინ ისეთი ფასები არ იყო როგორიც ახლა არის. ბევრი რუსი შემოვიდა, აქ უნდათ ცხოვრება და სახლის ყიდვა. ხალხმა, ვისაც ბინის გაყიდვა უნდა, როცა დაინახეს მოთხოვნა გაიზარდა, ფასები გაზარდეს. დღეს ისეთ ბინას, სადაც შეხვალ და იცხოვრებ, სადაც იქნება ნორმალური პირობები, 35 000 დოლარად ვერ იყიდი. ადრე ამ ფასად ორსართულიან სახლს იყიდიდი, ახლა კი ორი ოთახი აღარ მოგდის. ამ ფასად იყიდება 60 კვადრატი ბინა, სადაც ოჯახი ვერ იცხოვრებს’’,– აცხადებენ Knews.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრებლები.
ბოლო 4 წელია, კახეთის რეგიონში ბინების ქირის საფასურიც იზრდება. ფასების ზრდა განსაკუთრებით თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშია შესამჩნევი, რადგან აქ ტურისტების შემოდინება, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, მეტია. თელავში ქირით ბინის მაძიებლების განცხადებები სოციალურ ქსელში ხშირად ქვეყნდება, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, სათანადო პირობების ბინას, შესაბამისი რაოდენობის ქირით ვერ პოულობენ.
,,ბინები ისეა გაძვირებული, 300 ლარადაც ვეღარ ვშოულობთ. რამდენი ხანია ვპოსტავთ და უშედეგოდ. ფასები, ხშირ შემთხვევაში, 350 ლარიდან იწყება და იმ სახლებში სათანადო პირობები არ არის. ბოლო პერიოდია გაიზარდა ბინების ქირა, თორემ ადრე 200 ლარად მქონდა დაქირავებული კორპუსის ბინა, ნორმალური პირობებით. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველაფერი გაძვირდა, როგორც კომუნალურები, ასევე პროდუქტები და ხალხს, ვინც ბინას აქირავებს, 100 და 200 ლარად ბინაში სხვისი შეშვება არ უღირს”,– აცხადებენ თელავში მცხოვრები ადგილობრივები.
გარდა ამისა, გაიზარდა ბინების დღიურად გაქირავების თანხაც. სხვადახვა საიტებზე გამოქვეყნებული განაცხადების მიხედვით, კახეთში, 1 დღით 1 ოთახის დაქირავება 100 ლარიდან არის შესაძლებელი.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 14.3%-ით არის გაზრდილი, წინა კვარტალთან შედარებით კი ზრდა 5.5%-ია. გასული ერთი წლის განმავლობაში ფასები 12.5%-ით მეტად არის გაზრდილი მრავალსართულიან ბინებზე, კერძო სახლებზე კი ფასები 18%-ით არის მომატებული. 2022 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში გასაყიდი ფასი -15%-ით, ქირის ფასი – 70%-ით, გაყიდვები კი 24%-ით გაიზარდა.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, საშუალო გასაყიდი ფასი 1,164 $/კვ.მ შეადგენს, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა. გასაქირავებელი ფასი 13.1 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2022 წლის ივლისთან შედარებით 48%-ით მაღალია. მათივე მონაცემებით, გასული წლის მსგავსად, 2023 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს.
,,თებერვალში გასაყიდი ფასის წლიურმა ზრდამ 30% შეადგინა, ქირის ფასი 125%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი ბინების წილი გაიზარდა თბილისში და ბათუმში. ზრდის მთავარი ფაქტორებია პანდემიის დამთავრება, მიგრაცია და მაღალი ამონაგები. საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ასევე, ინვესტორებისთვის გაიზარდა მისი მიმზიდველობა დაზოგვის სხვა საშუალებებთან შედარებით. საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები ყველაზე მაღალია რეგიონში. 2023 წელი მოსალოდნელზე უკეთესად დაიწყო ბაზრისთვის. კორექცია ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყება და ძირითადად ქირის ფასს და გაყიდვების რაოდენობას შეეხება’’,- წერია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში.
ეროვნული ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში დეველოპერულ კომპანიებს უძრავ ქონებაზე ფასის მატების საშუალებას აძლევს გაზრდილი მოთხოვნა, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირების მხრიდან. კვლევაში, სადაც უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის 2022 წლის 11 თვის მონაცემებია გაანალიზებული, აღნიშნულია, რომ ფასის ზრდის კიდევ ერთი ფაქტორი გაძვირებულია მშენებლობაა. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი დაქირავებულთა ხელფასებმა და სამშენებლო მასალებმა შეიტანა.
„საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას აქვს რამდენიმე ფუნდამენტური საფუძველი, როგორც მოთხოვნის ისე მიწოდების მხრიდან. დეველოპერულ კომპანიებს ფასის ზრდის საშუალებას აძლევს გაძლიერებული მოთხოვნა, რომელიც მოდის როგორც რეზიდენტებიდან ასევე არარეზიდენტებიდან. გაზრდილია გზავნილები, საშუალო ხელფასი და მშპ ერთ სულ მოსახლეზე. საქსტატის თანახმად დეველოპერული კომპანიებისთვის მიმდინარე წელს გაზრდილია თვითღირებულებაში შემავალი ხარჯები. დოლარში გამოსახული ფასების ზრდას ხელი შეუწყო ასევე ლარის კურსის გამყარებამ, ლარში გამოსახული ისტორიული შემოსავლის შესანარჩუნებლად დეველოპერებმა გაზარდეს დოლარში გამოხატული ფასი“, – აღნიშნულია კვლევაში.