საქართველოში 34 545 ადამიანი მისამართის მითითების გარეშეა რეგისტრირებული
საქართველოში 34 545 ადამიანი მისამართის მითითების გარეშეა რეგისტრირებული.
ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამავე ინფორმაციის თანახმად, რეგისტრაციიდან მოხსნილია საქართველოს 104 615 მოქალაქე.
რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზებს, ყველაზე მეტი – 31 838 მოქალაქე რეგისტრაციიდან მოიხსნა საცხოვრისის მესაკუთრის განცხადებით; 28 126 მოქალაქე რეგისტრაციიდან მოიხსნა ორი ფიზიკური პირის დადასტურების საფუძველზე; 16 484 მოქალაქე – რეგისტრაციიდან მოიხსნა ფიზიკური პირის განცხადებით; 13 610 მოქალაქე – რეგისტრაციიდან მოიხსნა მისამართის გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლი გამო; 12 501 მოქალაქე კი – რეგისტრაციიდან მოიხსნა საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად წასვლის გამო.