აგვისტოში 600 ლარამდე ხელფასს დასაქმებულთა 19% იღებდა – PMC
საქართველოში 2023 წლის აგვისტოში დასაქმებულთა 19.1%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო. PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 4.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
მცირედით, თუმცა გაიზარდა მაღალშემოსავლიანი დასაქმებულების რიცხვი. კერძოდ, აგვისტოში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლების ხელფასიც 9 600 ლარს აღემატებოდა, წლიურად 0.4 პროცენტული პუნქტით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანების ოდენობა მთლიანი დასაქმებულების 2.1% იყო.
აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლების ხელფასი 2 400 ლარი ან უფრო მეტი იყო. წინა თვეში მათი რაოდენობა მთლიანი დასაქმებულების 24%-ს შეადგენდა.
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერში აღნიშნულია, რომ საქართველოში აგვისტოში წლიურად 4%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ.
მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, jobs.ge-ზე 44 059 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში 11 312 ვაკანსია გამოქვეყნდა – გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში, 10 337 ვაკანსია – ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, 8 048 ვაკანსია კი – ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში.