ახალგაზრდების 57%-ს საზღვარგარეთ ცხოვრება მაღალი ხელფასის გამო სურს – კვლევა
ფრიდრიხ ებერტი ფონდის (FES) კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 57%-ისთვის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის ძირითადი მოტივაცია უფრო მაღალი ხელფასია.
საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლისთვის ახალგაზრდებში შემდეგი ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზები უკეთესი განათლება (45%), საკუთარი ბიზნესის დაწყების უკეთესი შესაძლებლობა (19%), სხვა კულტურების გაცნობა (16%) და უფრო დიდი კულტურული მრავალფეროვნებაა (15%).
აღსანიშნავია, რომ უკეთესი განათლების მიზეზს უფრო მეტად ასახელებენ ქალები (53%), ვიდრე კაცები (39%); გარდა ამისა, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლისთვის უკეთესი განათლება უფრო მნიშვნელოვანი მოტივაციაა 14-17 წლისა (71%) და 18-24 წლის (50%) ახალგაზრდებისთვის, ვიდრე 25-29 წლის (20%) ახალგაზრდებისთვის.
საპირისპიროდ, მაღალი ხელფასების მოტივაცია უფრო ხშირია მამაკაცებში (61%), ვიდრე ქალებში (52%). ასევე საპირისპირო სურათი იკვეთება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც: მაღალი ხელფასების გამო სხვა ქვეყანაში წასვლა 25-29 წლის ახალგაზრდების 72%-ს სურს, მაშინ, როცა 14-17 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 32%-ისთვისაა მაღალი ხელფასები ქვეყნიდან წასვლის მოტივაცია.
აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის მიზეზად “მშობლიურ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კლიმატს” გამოკითხული ახალგაზრდების მხოლოდ 4% ასახელებს.