ახალგაზრდების 65% ფინანსურად სხვა ადამიანზეა დამოკიდებული – კვლევა
ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევის თანახმად, ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად სხვა ადამიანებზე არიან დამოკიდებული.
კერძოდ, ახალგაზრდების 46% აცხადებს, რომ მათ სრულად “მშობლები არჩენენ”, თუმცა ფინანსურ დახმარებას მშობლებისგან/ნათესავებისგან მხოლოდ 12% იღებს. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მათ სრულად “პარტნიორი არჩენთ.” ამასთან, ყოველი მეათე ახალგაზრდა ფინანსურად სახელმწიფო დახმარებაზეა დამოკიდებული.
გამოკითხულთა მხოლოდ 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად, ხელფასი, სესხი ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი.
აღსანიშნავია, რომ ფინანსურ დამოუკიდებლობას სქესი, საცხოვრებელი ადგილი და ასაკიც კი განსაზღვრავს. ასე მაგალითად, 25-29 წლის იმ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, უფრო ხშირად აქვთ საკუთარი შემოსავალი, ვიდრე 24 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებიც თბილისის გარეთ ცხოვრობენ და მხოლოდ საშუალო განათლება აქვთ მიღებული.
საინტერესოა, რომ ფინანსური დამოკიდებულების თვალსაზრისით, ასაკობრივად, 18 წლამდე ასაკის რესპონდენტების სრული უმრავლესობა სხვა ადამიანზეა დამოკიდებული. ამ ჯგუფს მიეკუთვნება 18-24 წლის ახალგაზრდების 2/3, ხოლო 25 წლისა და უფრო უფროსი ახალგაზრდების – თითქმის ნახევარი.