ახალი ამბები

14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% არც სწავლობს და არც მუშაობს – კვლევა

14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% არც განათლებას იღებს, არც რაიმე სასწავლო პროგრამაშია ჩართული და არც დასაქმებულია. ამის შესახებ საუბარია ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) კვლევაში.

დოკუმენტის თანახმად, ეს ვითარება, ახალგაზრდა მამაკაცებთან შედარებით, ახალგაზრდა ქალებში უფრო ხშირია. თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებიდან ყოველი მეხუთე არც განათლებას იღებს, არც რაიმე სასწავლო პროგრამაშია ჩართული და არც დასაქმებულია, ხოლო თბილისს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი არ არის დასაქმებული. 25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს.

კვლევის თანახმად, ახალგაზრდების ორი მესამედი (65%) ამბობს, რომ ისინი ფინანსურად სხვა ადამიანებზე არიან დამოკიდებული.

კერძოდ, ახალგაზრდების 46% აცხადებს, რომ მათ სრულად “მშობლები არჩენენ”, თუმცა ფინანსურ დახმარებას მშობლებისგან/ნათესავებისგან მხოლოდ 12% იღებს. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მათ სრულად “პარტნიორი არჩენთ.” ამასთან, ყოველი მეათე ახალგაზრდა ფინანსურად სახელმწიფო დახმარებაზეა დამოკიდებული.

გამოკითხულთა მხოლოდ 38% აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი შემოსავალი აქვთ, მაგალითად, ხელფასი, სესხი ან გრანტი, ან უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი.