როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კრიზისული მოვლენების შესახებ
როგორ უნდა დაუჭიროს მშობელმა მხარი ბავშვს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ? როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი, რათა ბავშვი სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდეს იმ ემოციას, რომელსაც კრიზისის დროს განიცდის? ეს კითხვები აქტუალური განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, შოვის ტრაგედიის შემდეგ გახდა.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ მშობლები ან ბავშვზე მზრუნველი ადამიანები გადატანილი ტრავმის შესახებ რეგულარული საუბრისათვის მზად არ არიან, ტრავმის ზეგავლენის შემცირება რთულდება და დროში ხანგრძლივდება.
ფსიქოლოგი, პოზიტიური მშობლობის ტრენერი სალომე დუმბაძე knews-სთან აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მშობელმა სწორად შეაფასოს ბავშვის რეაქციები კრიზისის დროს და მოახდინოს სწორი რეაგირება.
,,ბავშვი ზოგიერთ მოვლენას მძიმედ აღიქვამს, რომლის რაციონალიზაციას ახერხებს ზრდასრული. მშობლის მხრიდან ემპათიაზე დამყარებული კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის შეცოდება, ეს არის იმისი აღქმა და გაზიარება თუ როგორია ამ დროს ბავშვის პერსპექტივა. მისი თვალთახედვიდან უნდა შევხედოთ. ხშირად მშობლები ვაუფასურებთ მის ემოციებს. ვფიქრობთ, რომ დაავიწყდება, ითამაშებს და გაივლის, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა”.
ფსიქოლოგისვე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ემოცია ბოლომდე გამოხატოს და მშობლების მხარდაჭერა იგრძნოს.
,,როცა ასეთი კრიზისული ან ტრაგიკული მოვლენები ხდება, ბავშვის უსაფრთხოების განცდას ექმნება საფრთხე რომ იყოს დაცული და მისი ყოველდღიურობა იყოს პროგნოზირებადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიში შეიძლება ძალიან ინტენსიური გახდეს. ზოგი ბავშვი გამოხატავს შიშს, ბრაზს, სევდას, შფოთვას, დეპრესიის დროს არ აჩვენებს რაიმე კონკრეტულ ნიშნებს. ამიტომ, როცა ვიცით რომ რაღაც ტრაგედია მოხდა და ამის შესახებ ბავშვი არის ინფორმირებული და, ამავდროულად, არ არის ხალისიანი, ენერგიული, აქტიური, საკუთარ ემოციებს რთულად უმკლავდება, მნიშვნელოვანია დავინტერესდეთ, გავიგოთ რა იცის, რას ფიქრობს. გრძნობდეს მხარდაჭერას, მოვუსმინოთ, რომ გვენდოს”.
მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ მშობლების მხრიდან არ მოხდეს მისი ემოციების გაუფასურება,. რადგან მსგავსი მიდგომა უკვე მოზარდობის პერიოდში სხვა პრობლემებს წარმოშობს.
მშობლებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ მატრავმირებელ მოვლენებზე საუბარმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტრავმა მიაყენოს ბავშვს.
,,ბავშვს არ უნდა ვუთხრათ, რომ არ იტირო, შეიკავე ემოციები და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ემოციის გამოხატვა, გაზიარება, რადგან დახშობილი ემოცია გადადის პათოლოგიაში და ზრდასრულობაში სხვა ფორმით იჩენს თავს. ერთი წლის ბავშვს უკვე აქვს ემპათიის განცდა. როდესაც სხვა ბავშვი ეცემა, ამის გამო ტირის, უკვე განიცდის დისტრესს. თანაგანცდის უნარი ბავშვებში ძალიან ინტენსიურია. ბავშვს მოსმენა სჭირდება და არა გადარწმუნება. ამ დროს ბავშვი რჩება პრობლემის წინაშე მარტო, რასაც ვერ გაუმკლავდება. ემპათია არ ნიშნავს შეცოდებას”.
ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, რომ არ გამორჩეთ ბავშვის დარდის, სტრესის ნიშნები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ნიშნები იმდენად მწვავეა, რომ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ცხოვრებაზე.
,,ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური ისტორიის მოყოლა, რომელიც დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ამით, ბავშვს ვაძლევთ იმედს. პოზიტიური აღზრდა ბავშვს ეხმარება საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, პიროვნული მახასიათებლებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში”.