ფლანგვის დეტექტორი- რთვლის სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი უტენდეროდ დაიხარჯება
ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, 60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ორგანიზაციის თანახმად, რთვლის სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარები ხშირად არიან ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები ან სხვა გზით დაკავშირებული პირები და კომპანიები, რომლებიც ევროპულ ბაზარზე დივერსიფიკაციის ნაცვლად, ღვინის ექსპორტს ისევ რუსეთში ეწევიან.
მათივე ინფორმაციით, მუშაობისას გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი: ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით 60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება, რთველის სუბსიდირების პროგრამა 2008 წელს დაიწყო და მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება იყო და პროგრამა უკვე 15 წელია გრძელდება, პროგრამის ბენეფიციარები ხშირად ქართულ ოცნების მსხვილი შემწირველები ან სხვა გზით დაკავშირებული პირები და კომპანიები არიან, რომლებიც ევროპულ ბაზარზე დივერსიფიკაციის ნაცვლად, ღვინის ექსპორტს ისევ რუსეთში ეწევიან.
“ფლანგვის დეტექტორი”-ს ინფორმაციით, მაგალითად, მოსავლის მართვის კომპანიამ 2022-2023 წლებში – 4,496,000 ლარის ხელშეკრულება შპს უნივერსალ სპირიტთან, ხოლო 615,900 ლარის ხელშეკრულება შპს გრუზვინპრომთან გააფორმა. ორივე კომპანია რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქესთან, ვახტანგ კარიჭაშვილთან არის დაკავშირებული, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი 120 პროცენტზე მეტით გაზარდა.
,,საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 ივნისის განკარგულებით შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება დაევალა. მთავრობის განკარგულების გამოცემიდან მალევე, 2023 წლის 20 ივლისს შპს მოსავლის მართვის კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს თანხების გამარტივებული შესყიდვის წესით დახარჯვის ნებართვაზე მიმართა. ცხადია, როგორც გასულ წლებში, კომპანიამ წელსაც მიიღო ნებართვა. 2023 წლის რთველზე მოსავლის მართვის კომპანია 60 მილიონი ლარის დახარჯვას გამარტივებული შესყიდვის წესით გეგმავს.
რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისება იყო, თუმცა 15 წლის შემდეგ სახელმწიფო კვლავ აგრძელებს დარგის სუბსიდირებას.
ჭარბ ყურძენს სახელმწიფოს კუთვნილი “მოსავლის მართვის კომპანია” ყიდულობს, რომელიც ყურძნისგან ამზადებს ღვინოს, ხდის სპირტს და შემდეგ მას სახელმწიფო აუქციონზე გაყიდვის მიზნით ასაწყობებს. მოსავლის მართვის კომპანია ხელშეკრულებებს გამარტივებული შესყიდვის წესით აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტულ პირთან/კომპანიასთან, ყოველგვარი ტენდერისა და კონკურენციის გარეშე.
როგორც შესაბამის დოკუმენტებში ვკითხულობთ, ღონისძიების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი იყოფა ორ ეტაპად. პირველი არის რთველი, რომელიც 1.5-დან 2 თვემდე გრძელდება – კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ვენახების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. მეორე არის ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირაობის და საბანკო მომსახურების პროცესი.
ამასთანავე, მოსავლის მართვის კომპანია შესყიდვის განაცხადში მიუთითებს, რომ “ღონისძიების მიზანი და სახელმწიფო ინტერესი არის მევენახეთა მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების გატარება, რათა ბაზარზე სრულად იქნეს რეალიზებული ყურძნის მოსავალი”.
ვინ იღებს სარგებელს სინამდვილეში რთველის სუბსიდირების პროგრამით? ხშირ შემთხვევაში პროგრამის ბენეფიციარები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები და შემომწირველები არიან. ფლანგვის დეტექტორი გასულ წლებშიც წერდა აღნიშნულ თემაზე. მაგალითად, მოსავლის მართვის კომპანიამ 2022-2023 წლებში – 4,496,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს უნივერსალ სპირიტთან და 615,900 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს გრუზვინპრომთან სწორედ გამარტივებული შესყიდვის წესით გააფორმა.
შპს უნივერსალ სპირიტის 100%-ის მესაკუთრე შპს საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებაა, ხოლო ამ უკანასკნელის მესაკუთრეები ვახტანგ კარიჭაშვილი და გიორგი ღამბაშიძე არიან – რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები. რაც შეეხება შპს გრუზვინპრომს, მისი 100% წილის მეპატრონე არის შპს Bolero & Company, რომლის 100% წილის მეპატრონე ვახტანგ კაჭირაშვილია. საბოლოო ჯამში ორივე კომპანია დაკავშირებულია ერთ პირთან – ვახტანგ კაჭირაშვილთან.
საინტერესოა ამ კომპანიების კავშირი ქართულ ოცნებასთან. პარტიული შემოწირულობების რეესტრის თანახმად, შპს Bolero & Company-ის 2020 წელს მმართველი პარტიისთვის 120,000 ლარი აქვს შეწირული; შპს გრუზვინპრომის დირექტორმა, მამუკა ფოთოლაშვილმა 2017 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შესწირა; ხოლო შპს Bolero & Company-ისა და შპს უნივერსალ სპირიტის დირექტორს ირაკლი ბექაურს 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში ქართული ოცნებისთვის ჯამში 150,000 ლარი აქვს შეწირული. საერთო ჯამში შპს უნივერსალ სპირიტ-თან და შპს გრუზვინპრომ-თან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ქართულ ოცნებას 320,000 ლარი შესწირეს.
გარდა პარტიული შემოწირულობებისა, ვახტანგ კარიჭაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის – უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, კერძოდ 2021 წელს დაარსებული შპს მელიქიშვილი ინნ-ის 50-50%-ს ფლობენ უჩა მამაცაშვილი და ვახტანგ კაჭირაშვილი, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამიდან სარგებელს ყოველწლიურად მმართველ პარტიასთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ, აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებს ასევე აქტიურად გააქვთ ღვინო ექსპორტზე რუსეთში. მაგალითად, შპს Bolero & Company-ის ფინანსურ ანგარიშგებაში მითითებულია, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეალიზაციით გენერირდება. შპს Bolero & Company რუსეთში 2022 წლის ღვინის ექსპორტიორი 10 უმსხვილესი კომპანიიდან ერთ-ერთია.
მაშინ, როდესაც საქართველო ევროპული ბაზრის ათვისებას ცდილობს, გამოდის რომ ღვინის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში სარგებელს იღებენ კომპანიები, რომელთათვისაც გასაღების ბაზარი დიდწილად რუსეთია. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი 120 პროცენტზე მეტით გაზარდა”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.