გარემოს ეროვნული სააგენტო- ადრეული შეტყობინების სისტემა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, რომლის გაუმჯობესების სამუშაოებიც მიმდინარეობს, განგაშის სისტემა კი კვლავ მხოლოდ მყინვარ დევდორაკის ხეობაშია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემის საშუალებით მხოლოდ ძლიერი ნალექების, წყალდიდობა-წყალმოვარდნების, სეტყვის, თოვლის ზვავის, ძლიერი ქარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა შესაძლებელი. რაც შეეხება სწრაფადგანვითარებად სტიქიურ მოვლენებს, როგორებიცაა კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, მეწყერი და ა.შ. ასეთი სახის ადრეული შეტყობინებების მომზადება შეუძლებელია და ამ ტიპის მოვლენებისგან რისკების, განსაკუთრებით ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილება/შერბილება მხოლოდ განგაშის სისტემებით არის შესაძლებელი.
„ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემა გულისხმობს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ ზემოკლე (რამდენიმე საათი), მოკლე (1 დღე-ღამე), საშუალო (3 დღე-ღამე) ან გრძელვადიანი (3 დღე-ღამეზე მეტი) წინსწრებით გაფრთხილებების გაცემას. ადრეული შეტყობინება წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა სახის ინფორმაციულ პროდუქტების და მონაცემების, მაგალითად: ამინდის პროგნოზების რიცხვითი მოდელების, სინოპტიკური რუკების, ჰიდროლოგიური მოდელების, სატელიტური, რადარული და სხვა სახის დაკვირვების მონაცემების ანალიზს.
ამ ტიპის შეტყობინებების გავრცელება საკმაოდ ეფექტურია ისეთი სტიქიური მოვლენების მიმართ, როგორებიცაა ძლიერი ნალექი, წყალდიდობა-წყალმოვარდნები, სეტყვა, თოვლის ზვავი, ძლიერი ქარი, გვალვა, ატმოსფერული ჰაერის ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურები და სხვა. დღეისთვის, ასეთი სახის ადრეული შეტყობინებების მომზადება შეუძლებელია ისეთი სწრაფადგანვითარებადი სტიქიური მოვლენების მიმართ, როგორებიცაა კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, მეწყერი და მათთან დაკავშირებული ღვარცოფი.
ამ ტიპის მოვლენებისგან რისკების, განსაკუთრებით ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილება/შერბილება მხოლოდ განგაშის სისტემებით არის შესაძლებელი, რომლებიც სტიქიის დაწყების შემდეგ რეაგირებენ და რისკის ქვეშ არსებულ ობიექტებზე ავტომატურად, ხმოვან სიგნალებს გამოსცემენ. საქართველოში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ქვეყნის მთელი ტერიტორიისთვის, ფუნქციონირებს ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემა და ამჟამად მიმდინარეობს ამ სისტემის არსებითად გაუმჯობესების სამუშაოები. რაც შეეხება განგაშის სისტემას, საქართველოში დანერგილია მხოლოდ მყინვარ დევდორაკის ხეობაში, რომელიც დამონტაჟებულია შვეიცარიული კომპანიის მიერ“, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.