ალვანში თუშური მეცხვარეობის განვითარების გაერთიანება შეიქმნა
თუშმა მოსახლეობამ და მეცხვარეებმა გაერთიანება ,,თუშური მეცხვარეობის განვითარება“ შექნეს.
ადგილობრივების თქმით, თუშეთში დაიწყო საძოვრების იჯარით გაცემა და აუქციონზე გატანა, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას იჯარით აიღონ საძოვრები. აღნიშნული საკითხის წინააღმდეგები არიან თუშები და თვლიან, რომ მამა-პაპისგან დანატოვარ კუთხეს, რომელსაც ყურადღებას აქცევენ და უვლიან, სხვებზე არ გაასხვისებენ.
სწორედ ამ მიზნით შექმნა ააიპ ორგანიზაცია ,,თუშური მეცხვარეობის განვითარების გაერთიანება”, მისი ლოგო და წესდება. გაერთიანების დამფუძნებელია ადგილობრივი ბორძა ცაძიკიძე.
,,კანონპროექტი, შესაძლებელს ხდის მიწების გასხვისებას, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე. ჩვენი შექმნილი აიპი, შეეწინააღმდეგა, სხვა ორგანიზაციას, ვინც აპირებდა მიწების აუქციონზე გატანას. ბრძანება იყო, რომ თუშებს ამ აუქციონში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები დაიწერებოდა. ააიპ-ის შექმნით ეს პროცესი დროებით შევაჩერეთ. ამ მიზნით, მეცხვარეები გზიდან მოვაბრუნეთ, ნაწილი მთიდან ჩამოვიყვანეთ’’,- აცხადებს ბორძა.
ბორძა ცაძიკიძე ასევე საუბრობს მეცხვარეების მძიმე ყოფაზე, წყლის, შეშის, შუქის და ნორმალური საცხოვრებელი პირობების უქონლობაზე. მისი განმარტებით, ამ პრობლემების გამო ადამიანები თავს ანებებენ არა მხოლოდ მეცხვარეობას, არამედ მიდიან ემიგრაციაში. მისი განმარტებით, ალვანი ბოლო 5 წელში მოსახლეობისგან საგრძნობლად დაიცალა.
იგი ასევე აცხადებს, რომ მატყლის რეალიზაცია მეცხვარეებისთვის დიდი პრობლემაა და ისინი აღნიშნული საკითხის მოგვარებას საკუთარი კონტაქტებითა და ძალებით ცდილობენ.
,,ჩვენს გაერთიანებას აქვს ჩინეთთან კომუნიკაცია, რომ მოგვაწოდონ ინვოისები, მატყლის გადამამუშავებელი ქარხანა-დანადგარების შესახებ, რაც ასევე დიდი პრობლემაა მეცხვარეებისთვის. ისინი მატყლს ყრიან ან წვავენ, რადგან არ უღირთ ბარში ჩატანა, მანქანის დაქირავების ხარჯის გამო. გაერთიანებას სურს, სახელმწიფოსგან მოიპოვოს დაფინანსება და შეიძინონ საჭირო დანადგარები მატყლის წარმოებისთვის. გადამუშავებული, მაღალი ხარისხის მატყლი, გაიყიდება და რესურსი მოხმარდება მეცხვარეობის განვითარებას. ასევე დასაქმდებიან თუშები. რომ გაიგებს გაქცეული მწყემსი, მატყლს ფასი დაედო, ისიც ჩამოვა ემიგრაციიდან, იყიდის ისევ ცხვარს, შეავსებს საძოვრებს და აღარ დარჩება გასასხვისებელი,“– აცხადებს ბორძა ცაძიკიძე.
მისი განმარტებით, ისინი უახლოეს პერიოდში გეგმავენ შექმნილი გაერთიანების პრეზენტაციას, სადაც იქნებიან თუში მეცხვარეები და გაერთიანების წევრები. ისინი დამსწრეებს გააცნობენ სამომავლო გეგმებს.
,,სექტებერში დავგეგემეთ შეხვედრა, რადგან ზაფხულში დაცლილია ალვანი მაცხოვრებლებისგან. მეცხვარეები მთაში არიან. დიდი გეგმები გვაქვს და ვიმედოვნებ, ამ წამოწყებით ადგილობრივი მოასახლეობა დასაქმდება და ემიგრაციიდან უკან დავაბრუნებთ თუშებს“.
,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ ხელმძღვანელი ლადო კახოიძე განმარტავს, რომ თუშ მეცხვარეებს საძოვრების პრობლემა არ შეექმნებათ.
,,მეცხვარეები არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში, რადგან მწყემსებს ვერ შოულობენ, ასევე საძოვრების გადასახადებია შირაქ-სამუხში, ცალკე ვეტერინარიული მომსახურება და ბანკის ვალი აქვთ. თუშეთში მოგეხსენებათ შექმნილია დაცული ტერიტორიების სისტემა, 3 კატეგორიის დაცული ტერიტორია გვაქვს, დაცული ლანდშაფტი, ეროვნული პარკი და ნაკრძალი. შესაბამისად, ეროვნულ პარკში და დაცულ ლანდშაფტში ნებადართულია საძოვრებით სარგებლობა. არასწორია რომ თუშებს ვინმე საძოვრებს წაართმევს, მერიის რეკომენდაციით, პირდაპირ, აუქციონის გარეშე, მეცხვარეს შეუძლია აიღოს ის საძოვარი სადაც უშუალოდ დგას, უპირატესობა მეცხვარეებს მიენიჭებათ‘’,- განაცხადა ლადო კახოიძემ.