სიღნაღის მერიასა და ახალგაზრდულ ლეგიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
განახლებულ შეთანხმებას ხელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის სიღნაღის რაზმის მეთაურმა ნათია გურაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ახალგაზრდების და ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას, კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებასა და ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში უფრო მეტ ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეხვედრის დროს ლეგიონის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მათი ორგანიზაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელსაც ახალწვეულებთან და მათ მშობლებთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი ესწრებოდა.
შეთანხმებისამებრ, აგვისტოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი დაიწყო, რომელშიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას, კურსი თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება.