იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა
2023 წლის წლის 1-ლი აგვისტოდან „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა.
მიღებული ცვლილებების მიხედვით იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ კრიტერიუმად განისაზღვრა იარაღის საერთო სიგრძე. შესაბამისად, იარაღები სიგრძის მიხედვით დაიყო მოკლე და გრძელ იარაღებად. მოკლე იარაღად მიჩნეულია პისტოლეტი, რევოლვერი ან იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება.
სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან – 2024 წლის 1-ელ თებერვლამდე ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული იარაღის ყველა ის რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტი, რომელიც იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში ცვლის ამ იარაღის საერთო სიგრძეს ან გავლენას ახდენს მის მიერ კვალწარმოქმნაზე და შესაბამისი ტიპისა და კალიბრის არანაკლებ 6 ვაზნა იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლისთვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იარაღი მიეკუთვნება მოკლე იარაღს, მოექცევა თავდაცვის კატეგორიაში და მისი ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება შენახვის უფლებით. კატეგორიის ცვლილებისას, გარდა მომსახურების საფასურისა, მფლობელი ასევე თავისუფლდება შესაბამისი კატეგორიის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან.
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ. ხოლო, ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა.
2024 წლის 1-ელ თებერვლამდე, დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალურ მეწარმე; ფედერაცია; სპორტული ორგანიზაცია და ის იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სამოყვარულო სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ახორციელებენ ტურისტულ მომსახურებას ვალდებულნი არიან მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღი მომსახურების სააგენტოში გაატარონ რეგისტრაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კანონით განსაზღვრულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს დაევალათ შესაბამის შეძენილი იარაღის 10 (ათი) სამუშაო დღეში რეგისტრაციის ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონით რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრეს მიენიჭება უფლება, ყოველგვარი ნებართვისა და დროებითი მოწმობის გარეშე გადაიტანოს ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის 300 ვაზნამდე (ნაცვლად 50 ვაზნისა).
ცვლილება ეხება ასევე სპორტულ იარაღებს. ფიზიკურ პირს უფლება ექნება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებისა და შეკეთების მიზნით გადაიტანოს სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი.
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ იხილეთ სრულად: https://www.sa.gov.ge/d/normativeacts