სიღნაღის თეატრის დასი- ფოტო ისტორია
სიღნაღის თეატრის დასის წევრები.
ეს არის ერთ-ერთი ისტორიული ფოტო, რომელიც გადაღებულია სიღნაღში 1935 წელს. მისი მფლობელია: გიული ოქრუაშვილი
სიღნაღის თეატრის დასი ლატვიაში. 1987 წელი, გადაღებულია ლატვიაში, ფესტივალის გახსნის წინ, მფლობელი: აკაკი ძაძამია
სიღნაღში თეატრალური ხელოვნების სიყვარული საუკუნეებს ითვლის. გადმოცემით ცნობილია, რომ სოფელ ბოდბისხევში ცხოვრობდა “სოფლის გამამხიარულებელი და დარდის გამფანტავი ” კაცი, რომელიც მეფე ერეკლეს სასახლეში წაუყვანია და პატივსაცემ კაცთა სიაში ჩაურიცხავს. მისთვის მეტსახელად ოიანა-ბუიანა დაურქმევიათ. იგი მეფისა და დიდებულების წინაშე წარმოდგენებს საოხუნჯო, საკომედიო თეატრის სახელით მართავდა
არსებობს ცნობები სიღნაღსა და მის მაზრაში გამართული ბერიკაობისა და ყეენობის შესახებ, რომელიც ჭეშმარიტად სახალხო თეატრს წარმოადგენდა
სიღნაღის თეატრი 1872 წლიდან ითვლის ისტორიას, როდესაც 19 აგვისტოს გიორგი ერისთავის კომედია “ძუნწი” , ხოლო 24 აგვისტოს სპექტაკლი “გაყრა ” წარმოადგინეს. ცნობილია, რომ 1889 – 1909 წლებში სიღნაღში თეატრალური წარმოდგენები და სხვადასხვა ღონისძიებები იმართებოდა, რომელშიც მონაწილეობდნენ : კოტე მესხი, ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, ოლღა ალექსი მესხიშვილი, კოტე ტყავაძე, დავით აწყურელი, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, ალ. იმედაშვილი, და სხვ.
1906 წელს სიღნაღში გაიმართა 11 სხვადასხვა წარმოდგენა , 1912 წელს სიღნაღში ჩატარდა დიდი კონცერტი ვანო სარაჯიშვილის, ვასო აბაშიძის, ვალერიან გუნიას და სხვების მონაწილეობით. 1914 წელს შეიქმნა მოძრავი დასი , რომელშიც ირიცხებოდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები და ამავე წელს მაზრის მასშტაბით 21 წარმოდგენა გამართეს
1915 წელს დაარსდა სახალხო თეატრი – “შეადგინეს წესდება და სათანადო ადგილას წარადგინეს დასამტკიცბელად” . 1916 წელს სიღნაღის თეატრში გაიმართა ელისაბედ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი საღამო, ამავე წელს კი სიღნაღის დასს ოფიციალურად მიენიჭა სახალხო თეატრის წოდება
აღსანიშნავია რომ სანდრო ახმეტელმა პირველი სპექტაკლი “სამშობლო” 1910 წელს სიღნაღის თეატრის ბაზაზე დადგა და პრემიერა მაჩხაანის თეატრში გაიმართა. 1923 – 1924 წლებში საქართველოს არცერთი მაზრის სოფელში არ იყო იმდენი კულტურულ – საგანმანათლებლო, დაწესებულება, რამდენიც სიღნაღის მაზრაში
1929 წელს სიღნაღში სახელმწიფო თეატრი გაიხსნა, რომელიც სიღნაღის ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელ შენობაში მდებარეობდა, (2007 წლამდე ფუნქციონირებდა). 1930 წლიდან სიღნაღის თეატრი წარმოდგენებს მართავდა ახალ შენობაში. თეატრს მუშაობა არც 1941 – 1945 წლებში შეუწყვეტია, თუმცაღა მას დოტაცია მოხსნილი ჰქონდა. გაჭირვების მიუხედავად, მსახიობები ხშირად შემოსავალს იმავე სოფელში ტოვებდნენ, სადაც წარმოდგენა იმართებოდა
1949 წელს სიღნაღის სახელმწიფო თეატრი დაიხურა, 1956 წელს მის ბაზაზე დრამატული და საბავშვო წრეები ჩამოყალიბდა, მათი მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. 1959 წელს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თეატრს კვლავ სახალხო თეატრის სახელი მიენიჭა.
1981 წლიდან სიღნაღის თეატრმა განახლებული შემადგენლობით დაიწყო მუშაობა. 1987 წელს თეატრმა მოიპოვა ამიერკავკასიის თეატრალური ფესტივალის ყველა პრიზი და გახდა ლატვიის საერთაშორისო ფესტივალ ” მადონას” ლაურეატი. 1988 წელს თეატრმა მონაწილეობა მიიღო კანადაში ჩატარებულ თეატრალურ ფესტივალში და გრან – პრი მოიპოვა.სხვადასხვა დროს სიღნაღის თეატრმა მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ღონისძიებასა და ფესტივალში.
ინფორმაციას გვერდი ,,ეწიე სიღნაღს” ავრცელებს.