ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივ მდგომარეობის დეკლარაციებს ისევ მალავს – TI
ანტიკორუფციული ბიურო უკვე მეორე თვეა, არ აქვეყნებს საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებს – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს.
დეკლარაციების განახლება პლატფორმაზე აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა, რაც ორგანიზაციის განმარტებით, სამართლებრივი ნორმის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„დეკლარაციების საჯაროობა კანონით განსაზღვრული მოთხოვნაა. რაჟდენ კუპრაშვილის უწყება კი ამ ვალდებულებას უკვე მეორედ არღვევს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირველ ეტაპზე ქონებრივი დეკლარაციების სისტემური შეფერხება 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდა. ბიუროსვე განმარტებით, მიზეზი ე.წ. „ტექნიკური ხარვეზი“ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით 2024 წლის სექტემბრიდან ჩაბარებული დეკლარაციების გამოქვეყნების ვადა პირველიდან 2 თვემდე გადაიწია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ არსებული შეფერხება ამ რეგულაციით ვერ აიხსნება.
ორგანიზაციის ცნობით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მართლაც დაფიქსირდა ერთთვიანი წყვეტა 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, თუმცა ამ პერიოდის შემდეგ დეკლარაციების გამოქვეყნება ყოველდღიურად ხდებოდა და შეფერხება აღარ ფიქსირდებოდა ვიდრე ბიურომ აგვისტოში მონაცემების განახლება არ შეწყვიტა.

