გურჯაანის „წითელი მარანი“- ფოტო ისტორია
ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ძველ, ისტორიულ ფოტოს ავრცელებს.
მისი თქმით, ეს არის უნიკალური ფოტოსურათი, რომელზეც მარნის მშენებლობის პროცესია და ის ასახავს როგორი იყო მაშინ მეღვინეობა განვითარებული, როგორ შენდებოდა მარნები.
,,ფოტო 2012 წელს „მშრალ ხიდზე“ ლუარსაბ ტოგონიძეს შეუძენია. სურათზე მარნის მშენებლობის პროცესია ასახული და იგი კახეთში, გურჯაანში 1934 წელსაა გადაღებული. ფოტოსურათი ისტორიული და ამავდროულად უნიკალურია. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქვევრები ქარხნულ მიმართულებაში ჯერ ბუტებმა, ხოლო შემდგომ ლითონის „ცისტერნებმა“ ჩაანაცვლა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვევრ-მარნები საქართველოში, სურათზე აღბეჭდილი პერიოდის შემდეგაც შენდებოდა, მაგრამ ეს უფრო ოჯახურ პირობებში, სადაც ღვინის ქვევრში დაყენება, მართალია, ბოლო პერიოდში შესუსტებული იყო, მაგრამ ჩვენი ისტორიის პერიოდში არასოდეს შეწყვეტილა.
გურჯაანის ყოფილი ,,წითელი მარანი” შპს ,,ბოლეროს” მფლობელობაშია, რომლის ინიციატივით და დაფინანსებით, დაზიანებულ მდგომარეობაში მყოფ ღვინის მარანს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღდგენილია, თავისი პირვანდელი სახით”,– აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.