1921 წლის 19 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას, დაიღუპა 19 წლის სტუდენტი, მარო მაყაშვილი
1921 წლის 19 თებერვალს, ტაბახმელასთან, საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის მიერ ნასროლმა ჭურვმა თბილისის უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი, საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე მოწყალების და – მარო მაყაშვილი იმსხვერპლა.
მარო მაყაშვილი, რომელიც ევროპაში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალგაზრდა თაობის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. თაობისა, რომლის დამოუკიდებელ, ცივილიზებულ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრების ოცნებას რუსეთის და იოსებ სტალინის მიერ წამოწყებულმა აგრესიულმა ომმა და სისხლიანმა ოკუპაციამ მოუღო ბოლო.
მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს.
სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი ჟანა დ’არკი უწოდეს. მარო მაყაშვილი 23 თებერვალს, ფრონტზე დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან, გვარდიელებთან და მოხალისეებთან ერთად სამხედრო ტაძრის გალავანში (დღევანდელი საქართველოს პარლამენტის შენობის ადგილას) დაკრძალეს.
2015 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნა. მარო მაყაშვილის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის დაისის მთავარ გმირს მისი სახელი — მარო — დაარქვა.
2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია