ხშირი სუბსიდირება არაჯანსაღია-დარგის სპეციალისტი
რთველის სუბსიდირებას მეღვინეები განსხვავებულად აფასებენ. ზოგიერთი მათგანი თვლის რომ, წლების განმავლობაში არსებული სახელმწიფო სუბსიდია მეღვინეებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ბაზარს არაჯანსაღს ხდის, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყურძნის სუბსიდირება მომგებიანია როგორც ღვინის კომპანიისთვის, ასევე ყურძნის ჩამბარებლისთვის.
„თბილღვინოს” ხელმძღვანელი ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ უმჯობესი იქნება სახელმწიფომ სუბსიდირებისთვის განკუთვნილი თანხები ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის დახარჯოს. გარდა ამისა, მისი თქმით, ყოველწლიურად ყურძნის ფასის სუბსიდირება არაჯანსაღია, რადგან მევენახემ, რომელმაც იცის, რომ დაზიანებულ ყურძენსაც ჩააბარებს, მოტივაცია აღარ აქვს ხარისხიანი მოიყვანოს.
„ვფიქრობ, სუბსიდიის ამდენი წლის განმავლობაში გაგრძელება არასწორია, ეს არაჯანსაღია, შესაძლოა გარკვეული პრობლემა რაღაც პერიოდში სახელმწიფო სუბსიდიით მოგვარდეს, მაგრამ არა ყოველთვის. ხშირი სუბსიდირება არაჯანსაღია, მევენახემ, რომელმაც იცის, რომ დაზიანებულ ყურძენსაც ჩააბარებს, მოტივაცია აღარ აქვს ხარისხიანი მოსავალი მოიყვანოს.
ზოგადად სუბსიდია და დაზიანებული მოსავლის ჩაბარება კარგი სოციალური პასუხისმგებლობაა, მაგრამ მეღვინეობისთვის და ხარისხისთვის ცუდის მომტანია“, – ამბობს ზურაბ მარგველაშვილი კომერსანტთან საუბრისას.
რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, ამჯერად სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა „შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 2023 წლის რთვლისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები უნდა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რომლის ღირებულებაა 60 000 000 ლარია.
სახელმწიფომ რთველის სუბსიდირება ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო. 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია იყო, ემბარგო ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანდა და დახმარება აუცილებელი იყო. საერთო ჯამში, 2008 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაში 630 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.