ახალი ამბები

საქართველოში ოჯახების რამდენ პროცენტს აქვს მაცივარი, ტელევიზორი, კონდიციონერი – კვლევა

2022 წელს საქართველოს ელექტროტექნიკის ბაზარმა 4.4 მლრდ შეადგინა – ბაზრის კვლევას Galt and Taggart-ი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აქედან საცალო სავაჭრო ბრუნვა 2.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 47.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების საცალო გაყიდვების წლიურმა ბრუნვამ თითქმის 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 27%-მდე გაზრდილი მაჩვენებელია. საოჯახო ტექნიკის ბრუნვა 577 მლნ ლარამდე არის გაზრდილი, აქ წლიური ზრდა 13%-ს შეადგენს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ სექტორის ბრუნვა 2021-2022 წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

გარდა ამისა, Galt and Taggart-ის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, მაცივარი შინამეურნეობების 94%-ს აქვს, ტელევიზორი – 95%-ს, სარეცხის მანქანა კი 87%-ს. დაბალია კონდიციონერისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფლობის მაჩვენებელი და 16% და 4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ელექტროტექნიკის ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, 2021 წლის მონაცემებით, ბაზარზე 10%-იანი წილით “ალტა” ლიდერობს, მას 7%-იანი წილით “ელიტ-ელექტრონიქსი” მოსდევს, 6% კი “ზუმერს” აქვს, 5% კი – “იუჯითის”.