ახალი ამბებიბლოგები

5 წიგნი მოგზაურობაზე რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ წაიკითხოთ

ზაფხული დასვენებასთან ასოცირდება. დამღლელი და რუტინული ცხოვრების პარალელურად, გვიჭირს დრო დავუთმოთ წიგნების კითხვას.

შვებულება ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ვკითხულობთ, რადგან მოვწყდეთ მოსაწყენ რეალობას და გადავინაცვლოთ სხვა ადგილას და სამყაროში.  მწერლის მიერ აღწერილი სამყარო, ხშირად უფრო ნამდვილი და მისაღებია ვიდრე მატერიალურად არსებული. არსებობს წიგნები, რომელთა მიზანიცაა მოგვცეს საშუალება მოვინახულოთ მსოფლიო ორმხრივი ბილეთის შეძენის გარეშე,  გავეცნოთ სხვადასხვა კულტურას და გმირებთან ერთად ვიმოგზაუროთ და განვიცადოთ ის ემოციები, რაც მოგზაურობას თან ახლავს.

სამოგზაუროდ მიდიხარ გაწერილი მარშრუტით ან ექსპრომტად, ტრანსპორტით ან ფეხით, გარკვეული მიზნით ან უმიზნოდ, სამუშაოდ ან დასასვენებლად, ან უბრალოდ მიდიხარ იმიტომ, რომ წასვლა გინდა, იმიტომ რომ გზა შენთვის უფრო მეტია, ვიდრე მისასვლელად დანიშნული ადგილი. ხშირად, წასვლა გულისხმობს რაღაცის პოვნას ან აღმოჩენას.

თუ მოგზაურობა ღირებულია უკან შეცვლილი ბრუნდები, პიროვნულად გაზრდილი, ის აღარ ხარ ვინც მოგზაურობის დასაწყისში იყავი.   მოგიყვებით 5 წიგნზე, რომლებიც  სხვადასხვა კონტინენტზე გამოგზაურებთ, წაკითხვის შემდეგ თავად მიხვდებით, რამდენად ღირდა ეს მოგზურობა თქვენი პიროვნული გავითარებისთვის.

პირველი წიგნია ელიზაბეტ ჯილბერტის ავტობიოგრაფიული რომანი ,,ჭამე,ილოცე,შეიყვარე“ რომელიც ერთდროულად სამ განსხვავებულ ადგილას, იტალიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში გამოგზაურებთ.

გაეცნობით თითოეული ქვეყნის ტრადიციებს და ცხოვრების წესს. ყველაზე მთავრი ამ წიგნში საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილია,  30 წელს გადაცილებული ელიზაბეტი, მიხვდება, რომ თავისი ცხოვრებით არ არის კმაყოფილი.

გადაწყვეტს იპოვოს  ის რაც მის ცხოვრებას აზრს მისცემს. დავინახავთ,როგორ იცვლება მთავარი გმირის პიროვნება დასაწყისიდან დასასრულისკენ.

დეპრესიაში მყოფი, ყოველდღიურობისგან დაღლილი ქალი, დაუგეგმავად იღებს გადაწყვეტილებას გაექცეს ყოველდღიურობას და გასცეს პასუხი ერთი შეხედვით მარტივ კითხვას, რა სიტყვასთან ასოცირება მისი პიროვნება.საბოლოოდ, ინდოეთში სულიერად განიწმინდება და იპოვის ცხოვრების თანამგზავრს.

ჯობია საკუთარი ბედ-იღბალით იცხოვრო,თუნდაც არასრულყოფილად,ვიდრე ვინმეს ცხოვრების მიბაძვით და სრულყოფილად.” ჯილბერტი ,,ჭამე, ილოცე, შეიყვარე“

თუ ჰიპური ცხოვრების წესი, თავგადასავლები, ფათერაკები და რიტმული ცხოვრება თქვენი სულის გამოძახილია, გირჩევთ წაიკითხოთ ,,ბიტ თაობის“ ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური წიგნი ჯეკ კერუაკის ,,გზაზე“.

წიგნის გმირები რეალური ადამიანები არიან, პროტოტიპებად კერუაკს თავისი მეგობრები ჰყავს აღწერილი. მთავარი გმირი, სალ ფარადაიზი კი თვითონ კერუაკია.  წიგნის ამბავი 1947 წლიდან იწყება. მთხრობელს, სალ ფარადაიზს (ანუ კერუაკს), ყელში ამოუვა თავისი გულგატეხილი ნიუ-იორკელი მეგობრების წიგნიდან ამოკითხული ფრაზები, პოლიტიკაზე ყაყანი, ფსიქოანალიტიკური ბოდვები და ცდილობს ახალ, რეალურ ცოდნას ეზიაროს.

სწორედ ამ პერიოდში ხვდება იგი დინ მორიარტის (ნილ კესიდის) და იწყება დიდი მოგზაურობა. სალი ჯერ მარტო დაეხეტება, ხან ერთ მეგობართან ჩერდება, ხან მეორესთან, გზადაც იჩენს მეგობრებს, შემდეგ დროებით სცენიდან გასული დინ მორიარტიც შემოვარდება თავისი 47 წლის გაკრიალებული “ჰადსონით” და მოგზაურობა ახალ ეტაპზე გადადის.

რომანში ბევრი პერსონაჟია, ბიტის კლასიკოსები – კარლო მარქსი, იგივე ალენ გინსბერგი, ბებერი ხარი – უილიამ ბეროუზი, ასევე ალან ანსენი, ლუსიენ კარი, ჯონ კლელონ ჰოლმსი და სხვები. ეს უმიზნო და უპროგრამო მეამბოხეები მთელ ამერიკაში მიდი-მოდიან, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიერეკებიან თავიანთ თუ სხვის მანქანებს, ავტოსტოპით მოგზაურობენ ნიუ-იორკიდან დენვერში, დენვერიდან ფრისკოში, ფრისკოდან ლოს-ანჯელესში, მერე ისევ ნიუ-იორკი, ჩიკაგო, დეტროიტი, პიტსბურგი, ქვემოთ ნიუ-ორლეანი, ყველგან შფოთი, ლოთობა, ნარკოტიკები, სიყვარული და თავგადასავლები, მხურვალე ჯაზი და ამერიკა.

სიცოცხლის ბოლო წამს შენ არ იხსენებ როგორ მუშაობდი ოფისში ან კრეჭდი გაზონს, ამიტომ დალაშქრე ეს წყეული მთა.” ჯეკ კერუაკი ,,გზაზე“

დათო ტურაშვილის ,,ტიბეტი არ არის შორს  გვიყვება ავტორის მოგზაურობას ტიბეტში თავის მეგობრებთან ერთად. მწერალი საინტერესოდ აღწერს მოგზაურობისას გადახენილ ამბებს და პარალელს ავლებს ქართულ რეალობასთან. მთელმა მოგზაურობამ “ქართულ ატმოსფეროში” – ქეიფში, სიყვარულისა და თავისუფლების ძიებაში ჩაიარა. დათო, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო მოსაუბრეა და იუმორითა და სერიოზული თხრობით გვანებივრებს.

ასე რომ, გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. მერწმუნეთ, ორ ძალიან საინტერესო საათს გაატარებთ და წაკითხვის შემდეგ, ტიბეტი ნამდვილად გახდება თქვენი საოცნებო ქვეყანა.

დათო გვაცნობს იქაურ ბუნებას, ტრადიციებს და კულტურას, რომელიც საოცრად არ ჯდება ქართულ ხასიათში… და გახსოვდეთ – ტიბეტი არ არის შორს!
ტიბეტი არ არის შორს, ისევე როგორც თავისუფლება, რომელიც თვითონ არასოდეს მოდის, მაგრამ ყოველთვის გელოდება.” დათო ტურაშვილი – “ტიბეტი არ არის შორს”

წიგნს, რომელსაც ახლა გირჩევთ, დიდხანს ვთვლიდი ზედმეტად გაპიარებული ავტორის გაპიარებულ წიგნად, სანამ ერთმა ჩემთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა არ მითხრა, სხვა თვალით შემეხედა ამ წიგნისთვის და მეტი სიღრმეები მეპოვა.

წლების შემდეგ ახლიდან წაკითხულმა პაულო კოელიოს ,,ალქიმიკოსმა“ დამანახა, რომ ზედმეტად ვგავდი ჰამსუნის ,,მისტერიების“ მთავარ გმირს იოჰან ნადალს.

პოპულარული წიგნები, ფილმები და მუსიკა, ჩემში, პროტესტის გრძნობას აღვივებდა და ვთვლიდი, რომ ისინი ჩემს გარეშეც მშვენივრად იყვნენ და ნაკლებად ცნობილი ხელოვანებით ვინტერესდებოდი. თუმცა, ხელახლა წაკითხულმა ალქიმიკოსმა, იმ აბურდული ძაფის გორგალის ერთი კვანძი გამიხსნა, რომელის გახსნასაც ცხოვრებაში ვცდილობ.

ეს წიგნი არის იგავი ბიჭზე, რომელიც ოცნებებს მიყვება და რეალობად აქცევს. მოგზაურობის დაუოკებელი სურვილით შეპყრობილი სანტიაგო ჯერ მწყემსი გახდება, შემდეგ ზღაპრული განძის მოსაპოვებლად ეგვიპტეში გაემგზავრება, შეხვდება ალქიმიკოსს და შეიცნობს ბუნების საიდუმლოებებს.

ამ პატარა წიგნში უამრავი დასამახსოვრებელი ფრაზა და მომენტია, ბევრი მინიშნების და აზრის გამოტანა შეიძლება. ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს”. კოელიო ,,ალქიმიკოსი“

გრეგ მორტენსონი ,,3 ფინჯანი ჩაი“ არის წიგნი, რომელიც მოგცემს შთაგონებას, როგორ შეგიძლია დაიწყო მსოფლიოს შეცვლა დაკუთარი თავიდან. წიგნის სათაური ეფუძნება ჰაჯი ალიმის გამონათქვას, რომელიც მორტენსონს გაუზიარა ,, პირველად, როცა ჩაის უზიარებ ბალტის (ტიბეტური წარმოშობის ეთნიკური ჯგუფი) შენ უცხო ხარ.

მეორედ, როცა ჩაის დალევ მათთან, საპატიო სტუმარი ხარ. მესამედ, როცა ფინჯან ჩაის გაუზიარებ გახდები ოჯახის წევრი“. წიგნი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ნაწარმოებია და გადმოცემულია ამბავი ბიჭზე, რომელსაც ცხოვრებისეული ტრამვების პარალელურად აქვს ოცნება, დალაშქროს მსოფლიოს ყველაზე საშიში მთა. თუმცა მიზანს ვერ აღწევს.

ექსპედიციაში, დაუძლურებულს და სასოწრკვეთილს ჰიმალაის რეგიონის ღარიბი მოსახლება ეხმარება, რომ ცოცხალი გადარჩეს. იქ გატარებული დრო, მიახვედრებს გაანალიზოს ის მოვლენები და სიღრმეები, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდა. შეხვდება ბავშვებს, რომლებიც ოცნებობენ სწავლაზე, მაგრამ ამის საშუალება არ აქვთ. მოსახლეობას უკიდურესად უჭირს.

მორტენსონი სანამ სოფლიდან წავა, პირობას დებს , რომ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი თავის და აქ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. მორტენსონი პირობას ასრულებს თუმცა ძნელი გზის გავლა უწევს.

კარგი საქმეების გაკეთების პარალელურად მას მტრები უჩნდება და ცდილობს ყველა სიძნელეს გაუმკლავდეს.

 ,,ომის დროს ხშირად გვესმის, ქრისტიანი, ებრაელი ან მუსლიმი ლიდერების შეძახილი ,,ღმერთი ჩვენ მხარესაა“ მაგრამ ეს ასე არ არის. ომში ღმერთი დევნილების ქვრივების და ობლების მარესაა“ გრეგ მორტენსონი ,,3 ფინჯანი ჩაი“

 ბედნიერ დასვენებას და ღირებულ მოგზაურობას გისურვებთ!