ახალი ამბები

როდის აშენდება ხის კენწეროების ბილიკი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე აცხადებს, რომ ხის კენწეროების ბილიკის პროექტის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, სამუშაოების განხორციელებისთვის, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვადა მომავალ წლამდე აქვს.

მისი განმარტევით, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე არ შესრულდება სამუშაოები, კომპანიასთან დადებული შეთანხმება გაუქმდება და ახალი კომპანიის ძებნა დაიწყება. აღნიშნულ საკითხზე რადიო ,,კახეთის ხმის” ეთერში გიორგი სულამანიძემ ისაუბრა.

,,ჩვენთან ყოველწლიურად იზრდება ვიზიტორთა რიცხვი. ლაგოდეხში ვიზიტორების რაოდენობის გაზრდამ ბიზნესს გაუჩინა სურვილი, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტშუ შემოსულიყვნენ. ახალი Covid-19 -ის პანდემიის პერიოდში, აქ მშენებლობები არ გაჩერებულა. პანდემიის დასრულებას ლაგოდეხი ახალი ეკოტურისტული მომსახურების სფეროთი შეხვდა, აშენდა სასტუმროები, კვების ობიექტები, კოტეჯები, სადაც მსურველებს დარჩენა შეუძლიათ. ამ ყველაფერმა დიდი ინვესტიციები გამოიწვია. ბოლო სამ წელში თითქმის 20 მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო ეკტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში.

სწორედ ამ მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ გაჩნდა საჭიროება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეკო ტურიზმის განვითარების გეგმაზე დაგვეწყო მუშაობა. შვედეთის განვითარების ფონდის დახმარებით მოძიებულია გრანტი და ახლაც მიდის მსჯელობა თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ეკო ტურიზმი დაცულ ტერიტორიაზე, სივრცეები როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისე, რომ შესრულდეს ჩვენი გამოწვევა, ბუნების კონსერვაცია იყოს პირველი და ეკოტურიზმმა არ შეუშალოს ხელი. სწორედ ამის შემდეგ მოხდება შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ანუ გვექნება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ.

სწორედ ამ დოკუმენტში შევა თუ როგორ განვითარდეს ხის კენწეროების ბილიკის სტრატეგია. პანდემიამდე ებრაულმა კომპანიამ, აუქციონის საფუძველზე, აიღო პასუხისმგებლობა ხის კენწეროების ბილიკის პროექტის განხორციელებაზე. მათ თავიაანთი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ და აეშენებინათ ბილიკი. ხელშეკრულება მოქმედია, 2024 წელი არის ის დრო, როცა მათ უნდა დაასრულონ ბილიკის მომზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტა და შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ახალი გზების მოძებნა თუ როგორ განვავითაროთ ეს საქმე. ამ ეტაპისთვის გამიჭირდება თქმა დასრულდება თუ არა პროექტი, ამაზე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელნი’’,- განაცხადა გიორგი სულამანიძემ.

 

ნახეთ ვრცლად ამავე თემაზე:

 

რა სიახლეებით ხვდება ტურისტულ სეზონს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

როგორ ხვდება ტურისტულ სეზონს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები