რა სიახლეებით ხვდება ტურისტულ სეზონს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტულ სეზონს განახლებული და ახალი მარშრუტებით და საფეხმავლო ბილიკებით ხვდება. გარდა ამისა, ნაკრძალის ადმინისტრაცია ქართველი და უცხოელი ტურისტების რიცხვის გასაზრდელად სხვადახვა სახის სიახლეებს ახორციელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე იგეგმება სხვა პროექტების განხორციელებაც, რომელიც დაცულ ტერიტორიებს უფრო პოპულარულს და მიმზიდველს გახდის.
კონკრეტულად რა სიახლეებით შეხვდა ტურისტულ სეზონს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები და რა პროექტების განხორციელება იგეგმება სამომავლოდ, ამის შესახებ რადიო ,,კახეთის ხმის“ ეთერში, დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ ისაუბრა.
,,ისევე როგორც სხვა დაცული ტერიტორიები, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზანი, ვიზიტორებისთვის ეკოტურისტული სერვისების შეთავაზებაა. ეს მოიცავს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტს, ღამისთევას კარავში, მოგზაურობას საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკზე და ასევე, დამატებით, შემეცნებითი-საგანმანათლებლო, ტურები რადგან ბოლო წლებში ეს განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა. სკოლის და სხვადასხვა საგანმანათლებლო დ აწესებულებების მხრიდან გაზრდილია მოთხოვნა შემეცნებით ტურებზე, ბუნების სხვა კუთხით წარმოჩენაზე და რაც მთავარია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი გვაქვს რომ ვუმასპინძლოთ ჩვ ენს ვიზიტორებს’’,- განაცხადა გიორგი სულამანიძემ.
გარდა იმ სერვისებზე საუბრისა, რითაც დაცულ ტერიტორიებზე მისული ქართველი და უცხოელი ტურისტები სარგებლობენ, გიორგი სულამანიძე, ასევე საუბრობს ბოლო დროს განხორციელებულ სიახლეებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელებამაც, სერვისები დახვეწა და ნაკრძალში გადაადგილება უსაფრთხო გახადა.
,,ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი იყო 2019, რადგან ვიზიტორების დიდი რაოდენობა გვყავდა. შემდეგ, მოგეხსენებათ, იყო პანდემიის პერიოდი და ამ დროს ყველაფერი გაჩერდა, რამაც გარკვეული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. და სწორედ ეს იქცა იმის შესაძლებლობად, რომ ჩვენ გადაგვეხედა ჩვენი შესაძლებლობებისთვის და გაგვეუმჯობესებინა შეთავაზება, სერვისები, ვიზიტორთა უსაფრთხოება.
ამისთვის პრემიერ-მინისტრის დახმარებით გამოიყო დიდი თანხა და დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული ქსელის გაფართოებისთვის და მათ შორის, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მესამე წელია ხორციელდება დიდი პროექტი, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარია. მის ფარგლებში, მთლიანად ეკოტურისტული ქსელი განახლდება და, მიუახლოვდება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს.
მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს სპეციალური რეგლამენტი, როგორ უნდა მოეწყოს საფეხმავლო ბილიკი, რა ინფრასტრუქტურულ ელემენტებს უნდა შეიცავდეს ტერიტორია და აი ამ რეკომენდაციების საფუძველზე, უკვე წლის ბოლოს მთლიანი პროექტი უნდა დასრულდეს. დღეისთვის ძირითადი აქტივობების 80% უკვე დასრულებულია, თითქმის 1120 კილომეტრი ბილიკი განახლდა, ზოგი თავიდან მოეწყო, სადაც არის მინიმალური ინფრასტრუქტურა, მაგალითად კოტეჯი ღამის სათევად, კარვის გასაშლელი ადგილი, სხვადასხ ვა ფანჩატურები, სველი წერტილი, ცეცხლის დასანთები ადგილი და სხვა. ამას ემატება ის მაღალი უსფრთხოების ზომები, რაც გვაქვს მიღებული.
ნებისმიერი ბილიკის დასაწყისში არის საინფორმაციო ცენტრი, სადაც მსურველს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ბილიკზე გადაადგილებისას რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რა არის დაშვებული, რა აკრძალული, სად დაანთოს ცეცხლი ან სად გაათიოს ღამე. თუ ამ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, მათი მოგზაურობა იქნება უსაფრთხო’’,- აღნიშნავს გიორგი სულამანიძე.
გიორგი აღნიშნავს, რომ მათ აქვთ ერთ დღიანი და რამდენიმე დღიანი ტურები, თუმცა, ძირითადად, ტურისტებში ერთდღიანი ტურებია პოპულარული.
მისივე განმარტებით, ყველაზე დიდი მარშრუტია შავი კლდეების ტყის ბილიკი, რომლის გავლასაც სამი დღე და ორი ღამე სჭირდება. გიორგი აღნიშნავს, რომ ყველაზე აქტიური პერიოდი ივლისის და აგვისტოს თვეებია, რა დროსაც მათთან ყველაზე მეტი ტურისტის შემოდინება ფიქსირდება.
,,გვაქვს მარტივი და რთული ბილიკები, როგორც საფეხმავლო ასევე საცხენოსნო. მაგალითად: მაჭის ციხის ბილიკი- ეს არის ყველა სეზონზე მარტივად მოსანახულებელი და არის როგორც საცხენოსნო, ასევე საფეხმვლო. მან შეიძლება ყველა ასაკის ადამიანს უმასპინძლოს. შედარებით რთულია ნინოსხევის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი, სადაც კახეთში ყველაზე დიდი ჩანჩქერია. გვაქვს ასევე როჭოს ჩანჩქერის ბილიკი და სხვა. ასევე შევქმენით ორი ახალი ბილიკი, რომელიც საფეხმავლოა. გარდა ამისა, მოთხოვნაა საცხენოსნო ბილიკებზეც. ამიტომ შეიქმნა სამი მარტივი ბილიკი, სადაც მსურველებს შეუძლიათ თუნდაც ცხენით 1 საათის განმავლობაში გავლა.
ასევე სრულდება მუშაობა ახალ ბილიკზე, რომელიც კავკასიონის მთებში ავა და მოცავს მარტოტის ტბას. ეს იქნება ორდღიანი, როგორც საფეხმავლო, ისე საცხენოსნო და აქ შემოდის აგროტურიზმის ელემენტებიც, რადგან ის გადის ლაგოდეხის აღკვეთილის ალპურ საძოვრებზე, სადაც ტრადიციული საქმიანობა, მეცხვარეობა არის განვითარებული. რაც შეეხებათ ტურისტებს, ბოლო 10 წელია ლიდერობს გერმანია. ყოველ წელს ყველაზე მეტი, თითქმის ვიზიტორების 50% -ს გერმანელები შეადგენენ. შემდეგ მოდის რუსეთი და პოლონეთი, შემდეგ_აზერბაიჯანი, ევროპის სხვა ქვეყნები და ამერიკა.’’
რაც შეეხება ხის კენწეროების ბილიკის პროექტს, გიორგი სულამანიძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, ამისთვის, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვადა მომავალ წლამდე აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე არ შესრულდება სამუშაოები, კომპანიასთან დადებული შეთანხმება გაუქმდება და ახალი კომპანიის ძებნა დაიწყება.
,,ვიზიტორების რაოდენობის გაზრდამ ბიზნესს გაუჩინა სურვილი, რომ ლაგოდეხში შემოსულიყვნენ. ახალი Covid-19 -ის პანდემიის პერიოდში აქ მშენებლობები არ გაჩერებულა. პანდემიის დასრულებას ლაგოდეხი ახალი ეკოტურისტული მომსახურების სფეროთი შეხვდა, აშენდა სასტუმროები, კვების ობიექტები, კოტეჯები, სადაც მსურველებს დარჩენა შეუძლიათ. ამ ყველაფერმა დიდი ინვესტიციები გამოიწვია. ბოლო სამ წელში თითქმის 20 მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო ეკტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში. სწორედ ამ მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ გაჩნდა საჭიროება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეკო ტურიზმის განვითარების გეგმაზე დაგვეწყო მუშაობა. შვედეთის განვითარების ფონდის დახმარებით მოძიებულია გრანტი და ახლაც მიდის მსჯელობა თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ეკო ტურიზმი დაცულ ტერიტორიაზე, სივრცეები როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისე, რომ შესრულდეს ჩვენი გამოწვევა, ბუნების კონსერვაცია იყოს პირველი და ეკოტურიზმმა არ შეუშალოს ხელი. სწორედ ამის შემდეგ მოხდება შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. ანუ გვექნება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ.
სწორედ ამ დოკუმენტში შევა თუ როგორ განვითარდეს ხის კენწეროების ბილიკის სტრატეგია. პანდემიამდე ებრაულმა კომპანიამ, აუქციონის საფუძველზე, აიღო პასუხისმგებლობა ხის კენწეროების ბილიკის პროექტის განხორციელებაზე. მათ თავიაანთი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ და აეშენებინათ ბილიკი. ხელშეკრულება მოქმედია, 2024 წელი არის ის დრო, როცა მათ უნდა დაასრულონ ბილიკის მომზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტა და შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ახალი გზების მოძებნა თუ როგორ განვავითაროთ ეს საქმე. ამ ეტაპისთვის გამიჭირდება თქმა დასრულდება თუ არა პროექტი, ამაზე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები არიან პასუხისმგებელნი’’,- განაცხადა გიორგი სულამანიძემ.