ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. ევროპის საბჭომ 23 ივნისს გადაწყვიტა, რომ სტატუსის საკითხს წლის ბოლოს, პირობების შესრულების შემოწმების შემდეგ დაუბრუნდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ რომ რეკომენდაციების შესრულებისთვის საკმარისია პოლიტიკური ნება, რომლის განხორციელება საპარლამენტო უმრავლესობის ხელშია. 

პოლიტოლოგებისა, დარგის ექსპერტები და საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს იმაზე რომ საქართველოსთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა სასამართლო რეფორმები და ევროპული ინტეგრაციაა.

,,მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზედაც ევროკავშირიც გვესაუბრება თავის 12 რეკომენდაციაში. კანონპროექტი, რომელიც შემოგვთავაზეს, მოიცავს მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს, რომელიც არსებით გავლენას არ ახდენს სისტემაზე. გამოვიდა ისე რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით ძალიან ცოტა აქვს გაკეთებული, ფაქტობრივად, ფასადური პროცესია დაწყებული. რეალური პრობლემა რაც კვლავ სისტემის უზურპაციას შეეხება კონკრეტული პირების მხრიდან, აქვთ აბსოლუტური დამოუკიდებლობა და მუშაობენ ისე, როგორც ხედავენ, აქვთ გავლენა სხვა მოსამართლეებზე. ეს პრობლემა ისევ რჩება და ამის აღმოსაფხვრელად ჯერჯერობით წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია რადგან არ მოიცავს მხოლოდ სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას”. – აცხადებს knews.ge-სთან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდამჭერი პროგრამის კოორდინატორი ნანუკა ყრუაშვილი.

მისივე განცხადებით, ორგანიზაციამ ჩაატარა საპარლამენტო საქმიანობის  მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით.

,,სამუშაო ჯგუფები შეიქმნა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის გათვალისწინების მიზნით, ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო ,,საია“ , რომელიც აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას მმართველ პარტიას. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების მიმრთულებით ძალიან მცირე პროგრესია, იგივე ითქმის საარჩევნო მიმართულებაზეც. კვლავ აქტიურია, მოქალაქეთა დაშინება და მოსყიდვა”.

სამართლიანი არჩევნების იურისტი თათია ქინქლაძე Knews-სთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებზე. განმარტავს რომ არჩევნების მოახლოებისთანავე საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა პოლიტიკური საიმედოობისა მოწმდება.

,,არჩევნების წინა პერიოდში ხშირია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. მთავარი არსებითი გამოწვევა ამ პროცესში არის თავად პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სასამართლოს მხრიდან. სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავს არიდებს, რომ დაადგინოს დისკრიმინაციული მოპყრობა, თუმცა ადგენს მეორე მხრივ იმას, რომ გათავისუფლება იყო უკანონო.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული პრაქტიკა სასამართლო სისტემაში არის პრობლემური და უნდა გადაიხედოს”. 

თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი არჩილ მჭედლიშვილი ამბობს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

,,ევროკავშირის 12 რეკომენდაცია პრობლემების აღმოფხვრას და  გამოსწორებას ემსახურება, რომლის შესრულება საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადაუხვიოს ევროპულ გზას. ხელისუფლება, დაპირების მიუხედავად, არაფერს აკეთებს ევროატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების მხრივ, რაც ცუდად აისახება, როგორც შიდა ასევე საგარეო პოლიტიკაში”.