გაიცანით წარმატებული სამოქალაქო აქტივისტი პანკისის ხეობიდან
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მცხოვრები თიკო ფარეულიძე აქტიური მოქალაქეა. ის 2019-2021 წლებში USAID-თან პარტნიორობით ხელს უწყობდა პანკისის თემის გაძლიერებას და ახალგაზრდულ აქტივიზმს.
“USAID-ის დახმარებით, შესაძლებლობა მქონდა მომესმინა ბევრი საინტერესო ლექციისთვის, სალექციო კურსის დასრულების შემდეგ კი ჩემს თემში, პანკისის ხეობაში, ადგილობრივი ახალგაზრდების დახმარებით განმეხორციელებინა ჩემი ინიციატივა. პროექტის ფარგლებში შევძელი აღმეწერა ადგილობრივი ძეგლები და გამომექვეყნებინა პუბლიკაცია პანკისის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. აღნიშნული პუბლიკაციით ფართო საზოგადოებას გავაცანით, აქამდე ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი ძეგლები და ისტორიები”, – ამბობს თიკო.
USAID/საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, 2018-2021 წლებში, პანკისის სათემო კავშირების პროგრამის ფარგლებში, ხეობაში არაერთ ადგილობრივს ჰქონდა შესაძლებლობა წამოეწყო მცირე ბიზნესი ან გაეფართოებინა არსებული საქმიანობა. ადგილობრივ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა კავშირები დაემყარებინათ პანკისის გარეთ არსებულ ბიზნესებთან და მონაწილეობა მიეღოთ გამოფენა-გაყიდვებში.
ადგილობრივი ორგანიზაციებმა, USAID/საქართველოს პანკისის სათემო კავშირების ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა სათემო პროექტის განხორციელება შეძლეს, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისათვის, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებისათვის.
“როგორც ნამდვილი მეგობარი მხარს გიჭერს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მიგითითებს შეცდომებზე და დაგეხმარება გამოსავლის მოძებნაში, ასევეა USAID-იც, მას ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პანკისის ხეობის განვითარებასა და მხარდაჭერაში”, – ამბობს თიკო.
USAID ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივიზმისა და ზედამხედველობის მექანიზმების შექმნას, სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფასა და თემებში ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.