პატარა ისტორიული ტური თუშეთში
რამდენიმე დღის წინ დასრულდა ,,მთის დღეები“ თუშეთში. დამსვენებლებისთვის ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობა, გაეცნენ ადგილობრივ წესებს და კულტურას, დააგემოვნეს თუშური სამზარეულო და მოისმინეს ფოლკლორული ნიმუშები.
აღსანიშნავია, რომ დამსვენებლებისთვის ძირითადი ადგილები ომალო და დართლოა, თუმცა უამრავი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა რასაც ნაკლები ყურადღება ექცევა და ასეთ ადგილებს ადამიანები ნაკლებად იცნობენ.
ქვემოთ მოყვანილ სტატიაში გაეცნობით ადგილებს თუშეთში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ თუ ფათერაკები, თავგადასავლები და ისტორიების მოსმენა გიყვართ. თუშეთის მთელი დიდებულების აღსაქმელად, საუკეთესო გზა საფეხმავლო ტურის მოწყობაა, ცენტრალური ადგილების გარდა, ბევრ საინტერესო ადგილს იხილავთ.
,,კავკასიისა და კერნუს მთებს შორის არიან ტუსკები”- მეორე საუკუნეში წერდა ბერძენი გეოგრაფი კლავდიუს პტოლემეოსი. უძველესი დროიდან შემორჩენილი უამრავი სოფელი და ნასახლარი, ხელუხლებელი ტყეები და ბიომრავალფეროვნება დაგხვდებათ თუშეთში.
ერთ-ერთი ნასოფლარია ჰეღო, რომელიც ლაროვნისწყლის და მდინარე ქვახიდის შესართავთან, პირიქითა თუშეთში, მდებარეობს. მას უამრავი ლეგანდა უკავშირდება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჰეღოს მისადგომი ქისტ-ლეკებს ალყაში მოუქცევიათ.
რადგან სოფელი ვერ დაიმორჩილეს, კაცი გაგზავნეს დაღესტანში, გალავნის მშენებელ ოსტატთან, რომ საიდუმლო გაეგოთ. ოსტატს გაუტეხელობის ფიცი ჰქონდა მიცემული, რომელიც მოლამ აუხსნა და ოსტატს უთქვამს, ჰეღოს გაღმა გახვალთ და შორიდან დაინახავთ თეთრ ქვას, იმას რომ ამოიღებთ მთელი გალავანი ჩამოიშლებაო. ასეც მოიქცნენ ქისტ-ლეკები.
უთანასწორო ბრძოლა 7 დღე-ღამეს გაგრძელდა, საბოლოოდ, მტერმა აიღო სოფელი და გაანადგურა. მიქელს, ზურაბის ძეს, ჯერ ცოლ-შვილი დაუხოცავს, შემდეგ თავი მტრისთვის შეუკლავს. იცოდა, რას ნიშნავდა მტერს ტყვედ ჩაბარებოდა და ჩაებარებინა თავისი ცოლ-შვილი.
ვაჟა-ფშაველას ლექსიც ამ ამბავზე გვიყვება ,,-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა?…” ჰეღოში შეგხვდებათ აკლდამები, ჭირიანობის დროს ადამიანები ამ აკლდამებში შედიოდნენ და ელოდებოდნენ სიკვდილს, რომ სენი სხვა ადამიანებში არ გავრელებულიყო.
საინტერესო ნასოფლარებია, დაქიურთა და ნაკუდურთა, სადაც შეხვდებით უძველეს პიქტოგრამებს, რომლებიც საცხოვრებელ სახლებზეა დახატული და გადმოცემულია, ნადირობის, ბრძოლის თუ სხვა საქმიანობის აღმნიშვნელი ნახატები. მნახველს, აუცილებლად გაუჩნდება კითხვა, როგორ ცხოვრობდნენ ასეთ მიუვალ და ყველაფრისგან მოწყვეტილ ადგილას ადამიანები, თუმცა თუშეთის ერთ-ერთი მისტიურობის ნიშანიც ესაა.
აუცილებლად ეწვიეთ გომეწრის ხეობას, ძირითადი სოფლებია: ილიურთა, ბეღელა, ვერხოვანი, ჯვარბოსელი, ბუხურთა, კოკლათა, ვაკისძირი, ბოჭორნა, დოჭუ, გოგრულთა, ვესტომთა. ბოჭორნა, ევროპაში ყველზე მაღალი სოფელია(2345მ.)
მოსახერხებელია საფეხმავლო და საცხენოსნო ტურების მოწყობა. მარკირებულია გზები და საპიკნიკე ადგილები, თითქმის ყველა სოფელშია საკემპინგე სივრცე.
თუშეთის ტერიტორიაზე მრავლადაა შხამიანი ქვეწარმავლები, გიურზა და ობობა. ლაშქრობისას აუცილებლად იქონიეთ გადაუდებელი პირველადი დახმარება.
ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ!