15 აგვისტოდან რეფერენტული ფასები მედიკამენტების ახალ ჯგუფზე გავრცელდება – ფარმაცევტთა ასოციაცია
15 აგვისტოდან რეფერენტული ფასები მედიკამენტების ახალ ჯგუფზე გავრცელდება – ამის შესახებ “საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის” პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ “საქმის კურსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ფარმაცევტული სექტორი აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგია.
„რეფერენტული ფასები ევროპის მრავალ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, დანერგილია და გარკვეული წარმატებითაც მუშაობს, მაგრამ ეს იქ მრავალწლიანი კვლევების შედეგად მოხდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამაზე გადასვლა. ჩვენთან კვლევები და ურთიერთობა პრაქტიკოს ფარმაცევტებთან და კომპანიებთან არ მოხდა. სექტორი ცდილობს ფეხი აუწყოს შესაბამის რეგულაციას, მაგრამ ეს დიდი წნეხის ქვეშ და პრობლემურად ხდება.
როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მას 15 აგვისტოდან მედიკამენტების ახალი ჯგუფი უნდა დაემატოს. სექტორის მოთხოვნაა რომ ეს აგვისტოში არ გაკეთდეს, რადგან კომპანიებს აქვთ უფლება რეგულირებადი ფასების გასაჩივრების თუ ისინი ვერ ჯდებიან ამ ჩარჩოებში. აგვისტოში თანამშრომლების დიდი ნაწილი დასასვენებლად არის და ადგილობრივ კომპანიებს, რომ თავი დავანებოთ იმ უცხოელ პარტნიორებთანაც რომლებიდანაც მედიკამენტების შემოტანა, ხდება ამ პერიოდში მათთან კომუნიკაცია ჭირს. პასუხს ველოდებით, თუ რამდენად გაიზიარებენ ჩვენს თხოვნას“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, რომელ მედიკამენტებზე შეიძლება გავრცელდეს რეფერენტული ფასები? – მან თქვა, რომ საუბარია „პროგრამულ და არაპროგრამულ მედიკამენტებზე“.
ინფორმაციისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულზე მაღალ ფასად წამლების რეალიზაციას უკრძალავს. პირველ ეტაპზე რეგულაცია 1200-მდე მედიკამენტს შეეხო, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი წამლების ჩამონათვალი რამდენიმე დღის წინ გაფართოვდა და დღეს უკვე ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე მოქმედებს. გასულ კვირაში ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში თქვა, რომ ეს ნუსხა ყოველ ორ თვეში გადაიხედება და რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.
ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაბაზრის რეგულირების შედეგებით კმაყოფილია. ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ რეფერენტული ფასების დაწესებამ და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამ, საერთო ჯამში, მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა.