ყურძნის სუბსიდირება სახელმწიფოს წელს 60 მილიონი ლარი დაუჯდება
წელს, სახელმწიფო ყურძენს, დაახლოებით, 60 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 60 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა იგეგმება.
აღნიშნული პროგრამით, სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრულ ფასად ყიდულობს ბაზარზე არსებულ ჭარბ მოსავალს, რათა “ჩაუბარებელი ყურძენი” არ დარჩეს და ამასთან, ყურძნის ფასი არ დაეცეს. შესყიდული ყურძნით მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული კომპანიები სპირტს ხდიან, რაც შემდგომ საბითუმო ბაზარზე იყიდება.
,,“შპს “მოსავლის მართვის კომპანიას“ მიერ წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 60-70 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართვლოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას,” – ნათქვამია განაცხადში.
წელს, სუბსიდირების ბიუჯეტი შემცირებულია. გასულ წელს თუ შევადარებთ, მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარს შეადგენდა.
მევენახეები ,,knews.ge”-სთან საუბარში ამბობენ რომ წელს სეტყვამ მოსავლის ნაწილი გაანადგურა და შიშობენ რომ ვენახის მოვლაზე დახარჯულ თანხის ვერ აინაზღაურებენ. მათივე თქმით, მევენახეების დასახმარებლად მეტი ფინანსური რესურსის გამოყოფაა საჭირო.
,,ძვირი გვიჯდება ვენახის მოვლა. რასაც ვხარჯავთ, ვფიქრობ ამასაც ვერ ავინაზღაურებთ. სუბსიდირების თანხა წელს ძალიან ნაკლებია. ერთიდაიგივე პრობლემა გვაქვს სულ, ხან ყურძენი არ იყიდება და ხან დაბალია ფასია. კარგი იქნება თუ მთავრობა განხორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც დაგვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში’’,– აცხადებს მახო გელაშვილი.
სპეციალისტების ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირების პრაქტიკას უარყოფითად აფასებს. როგორც აისეტის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, სალომე დეისაძე აღნიშნავს, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ სექტორში სისტემური ცვლილებები განახორციელოს.
“სუბსიდირების მექანიზმის არსებობა, ფერმერებს არასწორ სტიმულებს უჩენს. სწორედ ეს ქმნის ბაზარზე არასწორ მოლოდინებს ფასებთან დაკავშირებით. ასევე საინტერესოა ისიც, რომ სუბსიდირების შედეგად, ყოველწლიურად გვაქვს ყურძნის ჭარბი წარმოება, რომელიც კვლავ უნდა სუბსიდირდეს.”
მთავრობის მხრიდან რთველის სუბსიდირება წლებია გრძელდება. ბიუჯეტს 2022 წლის რთველის სუბსიდირება 100 მლნ ლარი დაუჯდა, ხოლო 2021 წელ 138 მილიონი ლარი დახარჯა.