სოფელ ნინიგორიდან ბრიუსელში- გაიცანით წარმატებული ახალგაზრდა დავით ხაზალაშვილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში მცხოვრები დავით ხაზალაშვილი ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაემგზავრება.
მან ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის ოლიმპიადაში “სამოქალაქო განათლება-სამართლის საფუძვლები” გაიმარჯვა და მოიპოვა სრული,ოთხწლიანი დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ დავითი აბიტურიენტია და სამართლის ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას.
დავითი ამბობს, რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ შესაძლებლობას აძლევს.
“ოლიმპიადა სამი ნაწილისგან შედგებოდა, პირველი ნაწილი დაეთმო ტესტირებას, ნახევარფინალში კი, ერთობლივად, ტესტირება და ესეების მომზადება გვევალებოდა. ორი ესე შემხვდა დასაწერად – დემოკრატიის პრინციპების შესახებ და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
ფინალში მთლიანად პრაქტიკული სავარჯიშოები გავაკეთეთ: სხვადასხვა საკითხებზე ზეპირი მსჯელობა, მედიაციის ორი იმიტირებული სხდომა, ბოლოს კიდევ პატარა ტესტი იყო. პირველივე ტურში სიის სათავეში აღმოვჩნდი, ყველაზე მაღალი ქულა ავიღე და შესაბამისად ნახევარფინალში გადავედი, ნახევარფინალიდან – ფინალში და საბოლოოდ ოლიმპიადაში მე გავიმარჯვე. გამორჩეული არ ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ მსურს, ვიცხოვრო თავისუფალ და შესაძლებლობებით სავსე ქვეყანაში, სადაც შრომა სათანადოდ დაფასდება”,- აცხადებს დავითი.
დავითი ასევე განმარტავს, რომ განათლება და გამოხატვის თავისუფლება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია.
“გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა, ალბათ მიხვდებით, რამდენად რთული იქნებოდა ჩვენი ყოფა, თუკი ვერ გამოვხატავდით საკუთარ აზრს, ვერ მივიღებდით განსხვავებულ ინფორმაციას, არ გვექნებოდა საშუალება, გაგვეგო მეორე ადამიანისთვის, შეგვშინებოდა ჩვენი იდენტობის გამჟღავნება. წარმოდგენაშიც კი შემაშფოთებელია მოცემული სიტუაცია. დიდი განმანათლებლები ამბობენ, რომ მოსაზრებათა მრავალფეროვნება აყალიბებს ჭეშმარიტებას.
ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ცდილობდნენ და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ადამიანის ეს უმნიშვნელოვანესი უფლება, რადგან ინფორმაციის თავისუფლება არაერთხელ გამხდარა აჯანყებებისა და რევოლუციების დაწყების საფუძველი. დღევანდელობაში, ამ უფლების არსებობის მიუხედავად, მაინც გვხვდება დაბრკოლებები, როგორც საზოგადოებრივ, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე.
ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ეჭვობს, დააფიქსიროს თუ არა საკუთარი პოზიცია საჯაროდ, ღელავენ, რას იტყვიან სხვები და დაემთხვა თუ არა მათი აზრები სხვისას. გამოდის, რომ საზოგადოების მიერ განსხვავებული აზრის მიუღებლობის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, თუმცა იცვლება დრო, იცვლება აზროვნება და საზოგადოებაც სწავლობს განსხვავებული აზრის პატივისცემას. გამოხატვის თავისუფლება, ერთი მხრივ, მოიცავს, როგორც ინფორმაციის გაცემის თავისუფლების უზრუნველყოფას, ასევე, ინფორმაციის მიღების უფლებასაც. რა თქმა უნდა, უფლებას თან სდევს ვალდებულებებიც.”
დავითი სამომავლოდ აპირებს, რომ გახდეს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი. ის ასევე განმარტავს, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის მისი სამოქალაქო ვალი და რისი უფლება აქვს მას.
,,გამოხატვის თავისუფლება არ არის უფლება, რომელიც აბსოლუტურია. სხვისი უფლებების დასაცავად მისი შეზღუდვაც შესაძლებელი და ხანდახან აუცილებელია.
ამ უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი დაცვისთვის არსებობს არაერთი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმი. გამოხატვის თავისუფლებას განამტკიცებს, როგორც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
უფლებების დაცვას კი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უზრუნველყოფს.”