ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
15, 22 და 29 ივლისს ლაგოდეხში, ნაკრძალის მიმდებარედ, აკაციის ტყეში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.
ორგანიზატორების განმარტებით, ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მეშვიდე სერიას იწყებს. მათივე ინფორმაციით, 2023 წლის ბლუზის საღამოები არაორდინალური იქნება, ნამდვილი ბლუზისთვის დამახასითებელი რითმით და ტემპით გაჯერებული და ნაკლები მელანქოლიით გაჟღენთილი.
2023 წლის ფესტივალს გახსნის ულტრათანამედროვე ბლუზის დამფუძნებელი ი.სი სკოტი, ჰეადლაინერები ლეგენდარული შერონ ლუისი და ყველაზე მოთხოვნადი
მემარცხენე გიტარისტი კარლოს ჯონსონი.
,,ამერიკელი, ყველაზე მოთხოვნადი მემარცხენე ბლუზ გიტარისტი კარლოს ჯონსონი, ფესტივალის რეზიდენტი, ბლუზის დივა, ლეგენდარული შერონ ლუისი, ულტრათანამედროვე ბლუზ მუსიკის ფუძემდებელი ისი სკოტი და ბოლოს ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჯაზის და ბლუზის ლეგენდა, მაია ბარათაშვილი, თავისი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და ძლიერი ხმის ტემბრით სპეციალურად 2023 წლის, რიგით მეშვიდე ფესტივალის მსმენელებისთვის შექმნიან გემოვნებიან, დახვეწილი და მრავალფეროვანი ემოციებით დატვირთული მუსიკის ზეიმს. ფესტივალი 15 ივლისს გაიხსნება და 12 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს. ფესტივალი დაიხურება 12 აგვისტოს, ტრადიციული დიდი ჯენსეშენით”,- აცხადებენ ორგანიზატორები.
კომპანია ბლუზ ვილიჯ-ჯი 2017 წლიდან მასპინძლობს ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს. აკაციის ტყეში თავშეყრა და კლასიკოსი თუ თანამედროვე ბლუზის მუსიკოსების მოსმენა უკვე ტრადიციად იქცა. ამ წლების განმავლობაში ბლუზ ვილიჯი მასპინძლობდა საუკეთესო ბლუზის შემსრულებლებს, მეგა ვარსკვლავებს, ვირტუოზ გიტარისტებს და ჰარფ შემსრულებლებს, როგორებიცაა შერონ ლუისი, კრის კეინი, ჯიმი ბერნსი, დეტრა ფარი, რას გრინი, შანა უოტერსტოუნი. ქართველი მაყურებელი დაუვიწყარი, უნიკალური ჯემ სეიშენების მომსწრე იყო.