ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და მათზე ძალადობის ფაქტები კახეთში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იქ სადაც პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები შეხვედრას მართავდნენ, გუშინ დაპირისპირება მოხდა. გარკვეულმა ჯგუფებმა, პარტიის წარმომადგენლებს შეხვედრის ჩატარების უფლება არ მისცეს. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ასევე ჟურნალისტებს. დაზიანებულია კამერები და ტექნიკა.
საქმიანობაში ხელი შეუშალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვა ესროლეს ,,მთავარი არხის” ჟურნალისტს კახეთის რეგიონში, ია გულიაშვილს.
მისი თქმით, შეხვედრაზე მისულებს 100- მდე აგრესიული ადამიანი ადგილზე დახვდათ, რომლებმაც როგორც ჟურნალისტები, ისე შეხვედრაზე მისული მოქალაქეები სცემეს.
,,ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებს უნდა შეხვედროდა. ამ ამბის გასაშუქებლად ჩავედით საგარეჯოში მე და ჩემი ოპერატორი. ადგილზე მისვლისთანავე დავინახეთ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციას პენსიონერებთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, დაახლეობით 100 კაცზე მეტი იყო მობილიზებული ,,ქართული ოცნებიდან“. როგორც კი გადავედით ავტომობილიდან, მაშინვე გადასძახეს ერთმანეთს რომ ,,მთავარი არხი“ მოვიდა, რაც ბუნებრივია მაფიქრებინებს იმას, რომ შეაგულიანეს ერთმანეთი.
ეს იყო გარკვეული ბიძგი იმისათვის რომ შემდგომ უკვე ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. ამის შემდეგ უკვე ოპერატორებმა დაიწყეს კადრების გადაღება. დაიძრა ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა და ჩვენი მისამართით განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ. ოპერატორებს უკრძალავდნენ გადაღებას და ეუბნებოდნენ, რომ არუნდა გამოჩენილიყვნენ კამერაში. ჩემს ოპერატორს მაგალითად, ფეხი ამოუქნია ვიღაცამ კამერაზე და მიმღების შნური დაზიანდა. ამის შემდეგ, ვიღაცამ, ჩემთვის ამ დრომდე უცნობმა პირმა, რომელიც მერე გაირკვა რომ არ იყო საჯარო მოხელე, მიკროფონზე მომიძრო ღრუბელი, წამართვა და გაურკვეველი მიმართულებით გადააგდო.
მერე უკვე ჯგუფი დაიძრა, რომელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეები, სიპების და აიპების თანამშრომლები, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები. ისინი გამოეშურნენ ჩვენი მისამართით და იმ ტერიტორიისკენ უკვე სადაც ,,ნაციონალური მოძრაობა“ იმყოფებოდა. აქ დაიწყო ხელჩართული ბრძოლა, იყო ცემა, ფიზიკური ანგარიშსწორება, იყო სიტყვიერი დაპირისპირება, ლანძღვა, გინება და გვესროდნენ ბოთლებს, გვესროდნენ ქვებს. აღმოჩნდა, რომ სამშენებლო ბლოკები ქონდათ დაშლილი და ამ დიდი მოცულობის ლოდებს გვესროდნენ და სწორედ ეს ლოდი მომხვდა მხარში. ეს ჩემი სილურჯე და დაზიანება იმდენი არაფერია, უფრო რთული და პრობლემურია ის, რომ თავდამსხმელები იყვნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები. იმ სახელმწიფოსი, რომლის იმედიც უნდა მქონდეს მე, როგორც მოქალაქეს, ჟურნალისტს”,-განუცხადა knees.ge-ს ია გულიაშვილმა.
ჟურნალისტი აღნიშნულ პროცესში ასევე პოლიციის უმოქმედოდ ყოფნაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მათ ძალადობრივ ჯგუფებს ადამიანების ცემის უფლება მისცეს.
,,ვნახეთ რომ სახელმწიფო დაგვესხა თავს და პოლიციაც ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა, როვა ამბავი დასრულებული იყო. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გული იჯერეს ცემით, შეურაცხყოფის მოყენებით და ამის შემდეგ გამოცხადდა პოლიცია ადგილზე. მაქსიმუმ 10-15 კაციანი ჯგუფი იყო სამართალდამცველების. რაც შეეხება გამოძიებას, დღის განმავლობაში იქ ვიყავი და არავინ შემომხმიანებია სამართალდამცველების მხრიდან, არადა, ხელძღვანელი პირი, პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იქ იყო და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთო დამპირდა. გუშინ, დღის ბოლოს დამიკავშირდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და ასევე საგარეჯოს პოლიციის გამომძიებელი. მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ვითანამშრომლებ თუ არა მათთან, ვინაიდან დიდად არ მაქვს იმედი, რომ ისინი რამე ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ და ვინმე იქნება დასჯილი.”
გარდა ,,მთავარი არხისა”, დაზარალდნენ ტელეკომპანია ,,ფორმულას” და სხვა მედიის ჟურნალისტებიც.
,,ეს იყო ორგანიზებული ძალადობა, მოულოდნელად, ასამდე ადამიანი მოვიდა და მაშინვე ჟურნალისტებზე დაიწყეს ძალადობა, გვირტყამდნენ, რუსთავი ორსა და მთავარ არხს დაუმტვრიეს კამერები, გვაგინებდნენ და მოგვიწოდებდნენ არ გადაგვეღო. პოლიცია ადგილზე არ იყო, მოვიდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი მომთავრებული იყო, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ პოლიციამ იცოდა ეს ძალადობა უნდა მომხდარიყო რადგან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსები და ასევე სამხარეოს უფროსი ადგილზე ასე მალე ვერანაირად გაჩნდებოდნენ. ისინი მზად იყვნენ ამისთვის და საგარეჯოში იყვნენ შეკრებილი, უბრალოდ ელოდებოდნენ როდის სცემდნენ ხალხს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ.
იმ ძალადობრივ ჯგუფში, საჯარო მოხელეები საგარეჯოს მერიიდან და სხვა და სხვა მუნიციპალიტეტებიდან იყვნენ მოსული.ჩვენ ჟურნალისტებს გვიწევდა ერთმანეთის დაცვა.მაგალითად მე იმედის ჟურნალისტი, კახა კუპატაძე გამოვგლიჯე ხელიდან რამდენიმე მოძალადეს”,-განუცხადა knews.ge-ს ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტმა კახეთის რეგიონში, დავით ჭაბაშვილმა.
საგარეჯოში “მთავარი არხისა” და “ფორმულას” გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება.
ქარტია წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიშ გახდა – მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ქმედებები.
,,2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს საგარეჯოში თავს დაესხნენ. „მთავარი არხი” წერს, რომ დაზიანებულია კამერა და ქვა მოხვდა ჟურნალისტს. „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი ჩანს, რომ ქვები ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც ესროლეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები. სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა – მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან”,-აღნიშნულია განცხადებაში.
კახეთის რეგიონში მომუშავე მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, აღნიშნულ ფაქტს უარყოფითად აფასებენ.
,,კახეთის ხმის” რედაქციაში განმარტავენ, რომ დაუშვებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რადგან ისინი როგორც მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის, ასევე მოსახლეობის ინფორმირების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მათი განმარტებით, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე მკაცრი რეაგირება იმისთვის, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა არ მიიღოს სისტემატური ხასიათი.