როგორ შეძლო ცხოვრების ახლიდან დაწყება პატარა ნატალიას ოჯახმა
კახეთის რეგიონში პატარა ნატალია ბლიაძეს და მისი ოჯახის შესახებ ყველამ იცის.
გოგონამ, ოსტეოსარკომის დიაგნოზით ოჯახის და მეგობრების დახმარებით შეუძლებელი შეძლო. რა გზა გაიარა ამ ეტაპამდე მოსასვლელად ოჯახმა, ამაზე გოგონას დედა, თიკო ალადაშვილი გვესაუბრება.
„2020 წლის მაისსში, უმნიშვნელო ფეხის ტკივილით დაეწყო პრობლემა ნატალიას. ჩემი დამოკიდებულება შვილების მიმართ იცის ყველამ, ვინც მიცნობს და რა თქმა უნდა არც ამას დავტოვებდი უყურადღებოდ. მაშინვე წავიყვანე ექიმთან და გადავიღეთ რენდგენი. ექიმმა დამამშვიდა, არაფერი არ აქვსო. გამოგვიწერა გამაყუჩებელი მედიკამენტი და კრემი. 3 დღეში ბავშვს ფეხები სულ მოეკვეთა და გადაადგილება აღარ შეეძლო. გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო. გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების მანქანით და აღმოჩნდა მოტეხილობა. საავადმყოფოში დამხვდა ახალგაზრდა ექიმი ეგროსი დეკანოსიძე და მან მითხრა, არ შეშინდე, ეს პათოლიგიურ მოტეხილობას ჰგავსო. ისე დავიბენი, ვეღარ ვაზროვნებდი. ცხოვრების ბოლომდე ბატონი ეგროსის, ქალბატონი მარინა ღუდუშაურის და თამარ კალოიანის მადლიერი ვიქნები, მათ დაგვაყანეს სწორ გზაზე და ოსტეოსარკომის დიაგნოზი დაგვისვეს.
პირველად იყო მოლაპარაკებები გერმანიასთან და ყველა გზა ჩაიკეტა. მოხდა უფლის პირველი სასწაული, დაინიშნა მოულოდნელი ფრენა ისრაელში, სადაც 3 ადგილი განთავისუფლდა მხოლოდ. ძალიან გრძელი ამბავია იმ სასწაულების, ვისი დახმარებითაც მოვხვდით ისრაელში. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მამა გიორგი, ზვიად სეხნიაშვილი, თამარ ალადაშვილი, ლაშა ჟვანია, ვანო ჭანყოშვილი- ღმერთმა პირველად ეს ადამიანები გამოარჩია და დასახმარებლად გამოგვიგზავნა.
ბევრი სირთულე გავიარეთ, მაგრამ ყველაზე მძიმედ მახსენენდება ისრაელი, როდესაც პირველად შევედით საავადმყოფოში, სასწრაფოს დახმარებით, არანაირი გამაყუჩებელი არ უჩერებდა ტკივილს, ნატალიას განწირული კივილი, ცას სწვდებიდა. ითხოვდა დახმარებას და ვიდექი დაცარიელებული დედა, მის წინაშე, რომელსაც არაფერი შეეძლო და ვერ ვეხმარებოდი. მისი ხმა დღემდე ჩამესმის და ძნელია დავიწყება. საქართველოს ბარათით ვიხდიდით თანხას და შეფერხება მოხდა. ელოდებოდნენ თანხის სრულ ჩამოჭრას, ნარკოტიკული საშუალება რომ მიეცათ. ეს იყო საშინელი განცდა, თუ თანხა არ გვექნებოდა განწირულები ვიყავით“, – წერს თიკო.
ნატალიას დედის თქმით, ყველაფერ ამას ემატებოდა ნატალიას განწყობა, შემართება და, მათ გვერდით მყოფი ადამიანები, რომლებიც გაერთიანდნენ ნატალიას გადასარჩენად.
„მკურნალობის საბოლოოდ დასრულებამდე, ძალიან ბევრი გზის გავლა მოგვიწევს, რადგან არაერთი ოპერაცია გვჭირდება. უნდა გავიაროთ სწორი რეაბილიტაცია, ანალიზების ხშირი კონტროლი, მთელი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია, რადგან დიდი რისკია რეციდივის და ფაქტიურად ბომბზე ვართ. ახლა ვიმყოფებით გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში. რატომღაც, გერმანელ ექიმებს, ცოტა ზერელე და ცივი დამოკიდება აქვთ ჩვენ მიმართ. ფაქტობრივად უფლის იმედად ვართ და დღემდე სასწაულებით მოვდივართ. უახლოეს დღეებში ველოდებით ორთოპედთან შეხვედრას და თუ მისი მიდგომაც იქნება იგივე, როგორიც ონკოლოგის, აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში და ხსნის სხვა გზის მოძიებას დავიწყებთ.”
ოჯახი ამ დრომდე აგრძელებს ნატალიას მკურნალობას.
,,ძალიან ძნელია იყო გაწონასწორებული და იაზროვნო სწორად, როდესაც საკუთარი შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, მაგრამ შვილს ყველაზე მეტად ძლიერი დედის ყურება აძლევს სტიმულს და ძალას. არასოდეს მიუშვან გონებასთან ცუდი ფიქრები, შეიმოსონ ფერადი სამოსით, აიკრან ღიმილები სახეზე და შვილს დაანახონ, რომ შეუძლებელია მისი დამარცხება. რაც შეიძლება დაახლოვდნენ უფალთან, რადგან დედის ლოცვას დიდი ძალა აქვს. როცა ძალა არ მქონდა და ვიტყოდი: დღეს ბოლო დღეა, რაც შემეძლო ყველა რესურსი ამოვწურე და მეტი აღარ შემიძლია, გათენდებოდა ახალი დღე და ღმერთი ორმაგ ძალას მაძლევდა, დაჩოქილს წამომაყენებდა, ისევ განვაგრძობდი ბრძოლას.
ალესილ ხმალს მტრის წინაღმდეგ გაორმაგებული ძალებით ვიქნევდი, ჩემს შვილთან ერთად. არ დანებდეთ არასოდეს, ხსნა ყოველთვის არსებობს. გადარჩენის, სულ მცირე შანსი იყო, ძალიან დაბალი პროცენტულობით, მაგრამ არასოდეს დამიშვია, რომ მე შვილი გვერდით აღარ მეყოლებოდა. ჩემთან ახლოსაც არ ვუშვებდი, ამ ფიქრს.
ყველაზე საუკეთესო მასწავლებელი მყავდა მე, ვინც მასწავლა როგორ უნდა მემოქმედა. ეს იყო ნატალია. ყოველ დღე მაოცებდა მისი დარიგებები, მიდგომები და სიძლიერე. ნატალიას დედობა დიდი პასუხისმგებლობააა. მისი დაბადების პირველივე წამიდან ვგრძნობდი ამას და შემდეგ უფრო მიმძაფრდებოდა ეს გრძნობა. ეხლა კი ნატალიას დედას, არ აქვს უფლება გადაბრუნებული ნაბიჯების. მხოლოდ უნდა იაროს წინ სწორი გზებით, მადლიერებით და სიყვარულით, სავსე გულით. წინ კიდევ ბევრი ლამაზი და მადლიანი დღეები გველოდება“, – ამბობს თიკო ალადაშვილი.