ახალი ამბებიბლოგებისტატიები

ქართული მემარცვლეობის დარგი განადგურების წინაშეა

კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები მარცვლეულის  მოსავლის აღებას და მის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.   მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების დადგენილება გამოსცა, პრობლემები მაინც არ მოგვარებულა. ფერმერებს შარშანდელი მოსავალი ამ დრომდე გასაყიდი აქვთ. 

 

სახელმწიფოს მიერ დადგენილი დროებითი გადასახადის დაწესების შემდეგ, ამ დრომდე შარშანდელი მოსავლის მხოლოდ 10% არის  გაყიდული, მოსავლის 90% კი ჯერ ისევ დასაწყობებულია.

შარშან მიღებული მარცვლეულის გაუყიდავ რაოდენობას უკვე ახალი მოსავალიც ემატება, რადგან დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში ალოობა უკვე დაიწყო. რა პრობლემების წინაშე არიან ფერმერები და რა არის გამოსავლის გზები, ამაზე Knews.ge მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ბენიაიძეს ესაუბრა.

ბენიაიძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა პრობლემა ვერ მოაგვარა და ფერმერები ისევ მძიმე მდგომარეობაში არიან. როგორც ის აცხადებს, 1 კილოგრამი მარცვლეული ამ დროისთვის 45 თეთრი ღირს, თუმცა, ამ ფასადაც კი მყიდველი არ ჩანს.

,,რა პრობლემაც ჰქონდათ მემარცვლე ფერმერებს, ისევ იმ პრობლემების წინაშე არიან. არაფერი შეცვლილა და საკითხი ადგილზეა გაყინული. პრობლემაა ის, რომ იმპორტირებული პროდუქტი იაფია, აუცილებელია ყველა სახეობაზე მოხდეს გადასახადის დაწესება. გარდა ამისა, წისქვილები არ იღებენ მარცვლეულს და ფერმერებს შარშანდელი მოსავალი აქვთ გასაყიდი. მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღებას მოიცავდა, შარშანდელი მოსავლის 10% ვერ გავყიდეთ. 90% კი კვლავ გასაყიდია. 70 თეთრი უნდა ღირებულიყო შარშანდელი მოსავალი, მაგრამ 45 თეთრი ღირს, ამ ფასადაც არ არის მყიდველი და ამას დაემატა წლევანდელი მოსავალიც. დაიწყო ალოობა და დედოფლისწყაროში, სიღნაღში და ლაგოდეხში. კატასტროფული მდგომარეობაა’’, -განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ბენიაიძე.

 

ბენიაიძე ასევე განმარტავს, რომ არსებული პრობლემებიდან თავის დასაღწევად და ბანკის ვალების გასასტუმრებლად, ფერმერების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას აპირებს.  ,,თუ რაიმე სახის ნაბიჯები არ გადაიდგა ჩვენს დასახმარებლად, რა გვეშველება არ ვიცი. ძალიან რთული მდგომარეობაა. არ ზრუნავენ რომ ხალხს მოუგვარდეს პრობლემები და ისინი კი უკვე რადიკალური ზომების მიღებაზე ლაპარაკობენ. ეს ჩვენ არ გვინდა ნამდვილად, მაგრამ გამოუვალი სიტუაციაა.  რამდენიმე მსხვილმა ფერმერმა უკვე გამოთქვა მიწების გაყიდვის სურვილი. დახმარების თხოვნით სამინისტროს მივმართეთ მაგრამ უიმედო მდგომარეობაა საფურაჟე მოსავლის ნაწილში. იყო საუბარი რომ დაბეგრავდნენ და შემოიღებდნენ დროებით გადასახადს, მაგრამ ახლა ამბობენ ეს საკითხი აღარ განიხილებაო’’,- აცხადებს ბენიაიძე.

აღსანიშნავია, რომ 12 ივნისიდან, ფქვილის იმპორტის გაფორმებისთვის მომსახურების საფასური ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, იმპორტიორს 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისთვის ყოველ კილოგრამზე 20 თეთრის გადახდა მოუწევს, რაც ყოველ 1 ტონაზე 200 ლარს უტოლდება.  გაფორმების გადასახადი ძალაში 1 ნოემბრამდე იქნება. საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ და მხარდაჭერის მიღების მიზნით, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის, როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. მთავარ საიმპორტო ბაზარზე ხორბლის ექსპორტისას დაწესებული ბაჟის გამო, ქართველი იმპორტიორებისთვის რუსული ხორბლის იმპორტი და გადამუშავება არარენტაბელური გახდა. შედეგად, წისქვილკომბინატების დიდი ნაწილი გაჩერდა, ხორბლის იმპორტიორები კი ფქვილის იმპორტზე გადაეწყვნენ. გაჩერებული წისქვილების პირობებში ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს გასული წლის მოსავლის ჩაბარება გაუჭირდათ და რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. საიმპორტო გადასახადის ამოქმედების პარალელურად, წისქვილები ვალდებულნი არიან კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი და პურის მწარმოებლებს პირველი ხარისხის ფქვილი ისეთი პირობებით მიაწოდონ, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს.

 

ფერმერი ზურაბ ხიზანიშვილი განმარტავს, რომ მიუხდავად ამ ნაბიჯებისა, პრობლემის მოგვარება არ დაწყებულა. ის განმარტავს, რომ საკითხი დროულად მოგვარებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერები მომავალი წლისთვის მოსავლის დათესვას ვეღარ მოახერხებენ. ხიზანიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია წისქვილებმა ხორბალი 65 თეთრად მიიღონ და სახელმწიფომ ამას სუბსიდიის სახით 20 თეთრი მაინც დაამატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დარგი, მემარცვლეობა საქართველოში, განადგურების პირას არის.

 

,,მთავრობის ცდამ და იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებამ, შედეგი ვერ გამოიღო. მე ხორბლის 10% მაქვს გაყიდული და დანარჩენი ისევ საწყობში მაქვს შენახული. 600 ტონა მოსავალი მქონდა და აქედან ჩავაბარე 100 ტონა. დღეს ხორბლის ფასი 45 დან 47 თეთრამდე ღირს. პრობლემა შექმნა ასევე ხშირმა წვიმებმა რომელმაც მოსავლის ხარისხი დაბლა დასწია. ეს ყველაფერი ჩვენს განადგურებას და გაკოტრებას იწვევს. როცა სამინისტროში ვიყავით შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ფქვილის იმპორტი შეიზღუდებოდა და საფურაჟე ხორბალი, ქერი და სიმინდი დაიბეგრეოდა. ეს მხოლოდ გაკეთდა ფქვილზე და არანარი შედეგი არ მოგვცა.

 

სახელმწიფომ უნდა მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილება და შემოტანილ ხორბალზე უნდა გაიზარდოს დაბეგვრის ფასი, რომ ადგილზე მოყვანილი მარცვლეული გაიყიდოს. ეს აუცილებელია, რომ გადავრჩეთ, ბანკის ვალი გადავხადოთ და კიდევ დავთესოთ. კილოგრამი მარცვლეული 65 თეთრი მაინც უნდა ღირდეს და სუბსიდიის სახით უნდა დაგვეხმაროს მთავრობა.

მე ლაგდეხელი ფერმერების სახელით ვიძახი, რომ ეს თუ არ გაკეთდა, მოსავალს მომავალი წლისთვს ვეღარ დავთესავთ. მე პირადად 250 ჰექტარზე მითესია მარცვლეული და 800 ტონა მაინც უნდა ავიღო მოსავალი. იმის გამო, რომ ვერც ძველ მოსავალს ვყიდი და ვერც ახალს, იძულებული ვარ რაც გამაჩნია ქონება გავყიდო, საწყობი, მიწები და წავიდე ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ’’,- განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერების განმარტებით, გასულ წელს მოყვანილი რამდენიმე ასეული ტონა ხორბალი საწყობებში ფუჭდება და ხარისხს კარგავს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დაბა წნორში მცხოვრები ვასიკო ბასილაშვილი ამბობს, რომ  სადაც აბარებდა მოყვანილ მარცვლეულს, იქ წელს აღარ იბარებენ, ამიტომ გაყიდვის პრობლემა შეექმნა.

,,მაქვს 500 ტონა ხორბალი გასაყიდი მაქვს. თბილისში, სადაც ადრე იბარებდნენ, 55 თეთრს აღარ იხდიან კილოგრამზე, იმის გამო, რომ რუსეთიდან შემოდის ბევრი ფქვილი და ხორბალი, უფრო დაბალ ფასად იყიდება. 2022 წლის მოსავალი ვერ გავყიდე და წლევანდელი მოსავალი სად უნდა დავასაწყობო არ ვიცი. თუ რამე არ გვეშველა, გადასაყრელი გახდება. ვთხოვ ყველას დახმარებას’’,– განაცხადა ვასიკო ბასილაშვილმა.

იმ შემთხვევაში თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდა ფერმერების დასახმარებლად, მწარმოებლები მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.