“საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება 45 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული”
საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება 45 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, რაც მთლიანი მსოფლიო ბაზრის 1/3-ია და ჯამში 2.3 მილიარდ მომხმარებელზე წვდომას ნიშნავს.
როგორც ეკონომიისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, უახლოესი წლების გეგმებშია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან.
„მუდმივად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ყველაზე ახლო მომავლის გეგმები ამ კუთხით სამხრეთ კორეასთანაა. დავასრულეთ თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა. მემორანდუმი გავაფორმეთ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და წლის ბოლოსთვის ჩვენი გეგმებით უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები.
ასევე, ისრაელთანაც 2024 წელს დაიწყება მოლაპარაკებები. რაც შეეხება ამერიკას, ეს ბაზარი ჩვენთვის პრიორიტეტია. ამ კუთხითაც კონსულტაციები მუდმივად იმართება.
2018 წელს ქართულმა მხარემ მიზანშეწონილობის კვლევაც მოამზადა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებითაც წინ წავალთ და დავიწყებთ ამერიკასთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრუულების გაფორმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.“-აღნიშნა მარიამ გაბუნიამ.
ამ დროისთვის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოს გაფორმებული აქვს დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, eftas-ს წევრ ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონკ-გონგთან.