ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

როგორია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამოწვევები საქართველოში

პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები მეტად აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ფიქსირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, დასაქმებულ ამომრჩეველზე ზემოქმედების ფაქტები, რაც მოქალაქეებს ხელს უშლის თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.

აღნიშნულ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას სამართლიანი არჩევნების იურისტი თათია ქინქლაძე Knews-სთან საუბრისას. იგი აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებისთანავე საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა პოლიტიკური საიმედოობისა მოწმდება.

,,არჩევნების წინა პერიოდში ხშირია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. კონკრეტული პირები საჯარო სამსახურებიდან თუ კერძო უწყებებიდან გათავისუფლეს მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ არ ერთვებოდნენ კონკრეტულად მმართველი პარტიის კამპანიაში ან მათი ოჯახის წევრები იყვნენ რომელიმე ოპოზიციის პარტიის წევრები ან მხარდამჭერები. 2021 წლიდან იყო მსგავსი შემთხვევები,- აცხადებს თათია.

რაც შეეხება სასამართლო სისტემაში არსებულ პრაქტიკას, თათია მიიჩნევს, რომ აქაც აწყდება საზოგადოება გარკვეულ პრობლემას. მისივე თქმით, სასამრთლო თავს არიდებს დაადგინოს კონკრეტული დისკრიმინაციული მოპყრობა.

,,მთავარი არსებითი გამოწვევა ამ პროცესში არის თავად პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სასამართლოს მხრიდან. სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავს არიდებს, რომ დაადგინოს დისკრიმინაციული მოპყრობა, თუმცა ადგენს მეორე მხრივ იმას, რომ გათავისუფლება იყო უკანონო.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული პრაქტიკა სასამართლო სისტემაში არის პრობლემური და უნდა გადაიხედოს.  არსებობს არსებითი მტკიცებულებები ჩვენი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, სადაც იკვეთება, რომ კონკრეტული პირი სამსახურიდან გათავისუფლება მის შეხედულებებს უკავშირდება, მის მიერ კრიტიკული პოსტის გამოქვეყნებას. სწორედ ეს წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას”. 

საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობშვილი განმარტავს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია მუშაობს აღნიშნულ საკითხებზე. როგორც მარეხი აღნიშნავს, პოლიტიკური შეხედულებების გამო პირების გათავისუფლება ხდება ყველა პერიოში, არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ.

,,აღნიშნულ საკითხზე თელავში ჩატარდა შეხვედრა, სადაც ორგანიზაციამ ,,სამართლიანი არჩვნები’’ ამ მიმართულებით დამუშავებული კვლევა წარმოადგინა. კვლევიდან ჩანს რომ ეს არის მუდმივი პროცესი და ნებისმიერ დროს ხდება პირთა გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან. საინტერესოა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ საიაც წლები მუშაობდა ამ საკითხზე და გვაქვს საკმაოდ მოცულობითი პრაქტიკა ასეთ დავებთან დაკავშირებით. ყველა ხელისუფლების დროს ასეთ დავებს და გათავისუფლებებს ქონდა ადგილი, როგორც წინასაარჩევნო ან არჩევნების შემდგომ პერიოდში, ისე მთელი წლის განმავლობაში. ბევრი განსხვავებული პრაქტიკა არსებობს სასამართლოს მხრიდან რადგან მიდგომები იცვლება, კანონმდებლობაც იცვლება, თუმცა გვაქვს წარმატებული შემთხვევები როცა სასამართლოებმა გაიზიარეს, დაადგინეს დისკრიმინაციის ფაქტი და პირი აღადგინეს სამსახურში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პირებისთვის საკმაოდ დიდი კომპენსაციები დაეკისრათ დამსაქმებლებს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ შემთხვევები უფრო მეტია ვიდრე სასამართლოში შესრული სარჩელები. ყველა არ აქვს სურვილი იმართოს სასამართლოს. დისკრიმინაცია არ ხდება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ხდება სხვა ნიშნითაც და ამ საქმეებსაც საია აწარმოებს”.